ლარის გამშვებ პუნქტთან, რუსეთის მხარეს კვლავ კილომეტრობით რიგი დგას. რუსეთის მოქალაქეები ომს გაურბიან. იმ ომს, რომელსაც მათ ქვეყანაში ომიც არ ჰქვია. ზოგს მოთმინება ღალატობს და ავტოკოლონას წესების დარღვევით ასწრებს, იქნება გამიმართლოს და საზღვარი სხვებზე ადრე გადავლახოო… ბევრი კი ისევ იცდის და მიაჩნია, რომ გაუმართლა, რადგან უკან ჯერ არ გაუბრუნებიათ.
ალექსანდრე და მისი მეგობარი გოგონა სამი დღეა მანქანით მოდიან საზღვრამდე. მათ ხუთი ბლოკპოსტი გამოიარეს.
„ყველა შემთხვევაში საბუთების წარდგენა გვიწევდა. გუშინ ერთმა ადამიანმა გამოგვიგზავნა შეტყობინება… ის ამ ადგილიდან 100 კილომეტრის მანძილიდან გააბრუნეს უკან. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ჯერ ისევ გვიმართლებს. ამ ხერგილში ყოფნის მიუხედავად, მაინც მიგვაჩნია, რომ ძალიან გვიმართლებს ჯერ ისევ აქ რომ ვდგავართ…“ – ამბობს ალექსანდრე.
ზოგი ფეხით წამოსვლას ამჯობინებს, თუმცა საზღვარს ქვეითებისთვის ხან ხურავენ, ხან ხსნიან. კანონები და წესები რუსეთში ძალიან მალე იცვლება. ასე ფიქრობს ბორისიც, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა დაუსრულებელ რიგში დგას.
„არ გავრბივართ, მაგრამ გამოდის რომ გავრბივართ, რადგან, თუ ახლა არ გამოგვივა, ვშიშობ, რომ მერე ნამდვილად არ გამოგვივა… ჩვენთან კანონები ძალიან მალე იწერება და იცვლება. ვისურვებდი, რომ იმ პირობებში რაც დღეს არის, სწრაფად მოვახერხო აქედან წასვლა“, – ამბობს ბორისი.
რუსეთის მხარეს დიდი გაურკვევლობაა. ქვეყნიდან გაქცევის მსურველებმა ჯერ ისევ არ იციან, რა განაჩენს გამოუტანენ მათ მესაზღვრეები. რიგში მდგომთაგან ყველა ვერ ლახავს საზღვარს. ზოგს ომში გაწვევის უწყებას გზაში აწევენ, ზოგს კი საქართველოს მხარეს მდგომი მესაზღვრეები ეუბნებიან უარს.
ალექსანდრ კამისენცევი სარატოვიდან არის, ის რამდენიმედღიან რიგში იდგა, თუმცა საზღვარი გადაკვეთა და საქართველოში ჩამოვიდა. ალექსანდრი იხსენებს იმ ამბებს, რაც გამშვებ პუნქტზე ხდებოდა: „ძალიან საშიში სიტუაციაა… ცრემლები, ყვირილის ხმა, ხალხის დიდი ნაკადი. ყოვლად არაორგანიზებულობა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობამ თავად არ იცის, როგორ მოახდინოს ამ ყველაფრის ორგანიზება. თითქოს უკვე უნდათ რომ დახურონ საზღვრები, მაგრამ თითქოს ეშინიათ რომ პროტესტი იქნება. ამიტომ, ცდილობენ ხალხი გამოუშვან…“
რუსეთის მოქალაქე კირილ კუზნეცოვიც ლარსიდან შემოვიდა საქართველოში. ის სანქტ- პეტერბურგიდანაა. კირილი ჰყვება, თუ რატომ გადაწყვიტა რუსეთიდან გამოქცევა: „ჩემი პირადი აზრით, სიტუაცია ძალიან არასტაბილურია, საშიშიც კი… სიკვდილის საფრთხის შემცველი ადამიანებისთვის… სამწუხაროდ, იქ არაფერი კარგი არ არის, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლებაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან დღეს. ბოლო მომენტში გადავწყვიტე წამოსვლა. რადგან მე არ მსურს ვკლავდე ჩემს მოძმე უკრაინელებს ან წავიდე ციხეში… “
რუსეთის მოქალაქეთა ნაკადი ლარსის გამშვებ პუნქტზე არ წყდება, მაგრამ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ.
თუმცა, განგაშის საფუძველს ხედავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების ნაწილი. ისინი რუსეთიდან ჩამოსულებს საპროტესტო აქციებით ხვდებიან.