რომში 1000 -ზე მეტმა ადამიანმა ქუჩაში აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა გააპროტესტა. დემონსტრანტებს ჰქონდათ ბანერები, რომლებზეც ეწერა: ,,ჩემი გონება, ჩემი სხეული, ჩემი თავისუფლება“.
დემონსტრანტების მიზანი იტალიის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონისა და მისი მოკავშირეებისთვის იმ მესიჯის გაგზავნაა, რომ მომიტინგეები არ დაუჭერენ მხარს 1978 წელს მიღებულ კანონმდებლობაში რაიმე ცვლილების შეტანას. ეს არის კანონი 194, რომელიც უზრუნველყოფს აბორტის ხელმისაწვდომობას.
“მან უკვე დაამტკიცა, რომ არ სცემს პატივს ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ადამიანების დაცვასა და თავისუფლებას ითვალისწინებს. ერთი მხრივ, სწორია ამაზე ფიქრი, მეორე მხრივ, კარგია, რომ ეს ხდება. ჩვენ უნდა მივადევნოთ თვალი მის გეგმებს, იქნებ, მელონმა დაგვაჩქაროს და კიდევ უფრო მეტნი გამოვიდეთ ქუჩაში და ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის“, – განაცხადა დემონსტრანტმა სილვია ლიგუტიმ.
საპროტესტო აქცია გაიმართა საფრანგეთშიც, სადაც აბორტის უფლების დასაცავად ქუჩაში 1000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა.
პარიზში დემონსტრანტები ბასტილიის მოედანზე შეიკრიბნენ. მათი მთავარი დევიზი იყო: ,, აბორტს ევროპაში ქალები წყვეტენ“. პარიზის გარდა, ქალები თავიანთი უფლებების დასაცავად შეიკრიბნენ საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც.
იტალიისა და საფრანგეთის გარდა, აბორტის ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით ცვლილებები გააპროტესტეს უნგრეთშიც.
დემონსტრანტები უნგრეთის პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილი, შემდეგ კი მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გადაინაცვლეს ლოზუნგით: ,,უსასყიდლო კონტრაცეფცია ყველასთვის!“