მთავარისაქართველოხერგილების ფონზე თბილისში მოქალაქეები გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებებს ეძებენ

ხერგილების ფონზე თბილისში მოქალაქეები გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებებს ეძებენ

ერეკლე უკვე ცხრა თვეა, რაც თბილისში ველოსიპედით დადის. ფიქრობს, რომ დედაქალაქში დაუსრულებელი ხერგილების ფონზე გადაადგილება ასე უფრო მოსახერხებელია და დროსაც ზოგავს. თუმცა ველომოყვარულები ყოველდღიურად ბევრ პრობლემას აწყდებიან. ერეკლე ამბობს, რომ ქალაქში არასაკმარისი ველობილიკია. ამის გარდა, ზოგჯერ თავად მოქალაქეებიც არ ითვალისწინებენ ერთმანეთის ინტერესს.

„სამწუხაროდ, საქართველოში, კერძოდ, თბილისში, არ არის ველოსიპედის კულტურა. ველოსიპედი არ გამოიყენება, როგორც ტრანსპორტის ყოველდღიური საშუალება. ავტომობილის მძღოლები და თუნდაც ქვეითად მოსიარულეები ყურადღებას არ აქცევენ ველობილიკებს და ველოსიპედით მოსიარულე მოსახლეობას. შესაბამისად, ხშირად იქმნება საავარიო სიტუაციები“, – ამბობს ერეკლე კოპლატაძე.

ურბანისტი გიორგი ბაბუნაშვილი ამბობს, რომ ქალაქში საგზაო სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ გადაადგილებისას ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ ქვეითები, მოქალაქეები, რომლებიც ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობენ და ასევე ის ადამიანები, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებიან. ურბანისტებს მიაჩნიათ, რომ გაუმართავი საგზაო სისტემის, ასევე ზოგჯერ მოქალაქეთა დაბალი ცნობიერების გამო, ხშირად იქმნება საავარიო სიტუაციები.

„პირველი, რაც ამ პრობლემას მოაგვარებს, არის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მინიმალურ ვადებში დასრულდეს ველობილიკების ქსელის გამთლიანება. ჩვენ გვაქვს ველობილიკების ფრაგმენტები, მაგრამ ეს არ არის უწყვეტი ქსელი. როცა უწყვეტი ქსელი შეიკვრება, იმის პრობლემა არ იქნება, რომ ამ ორბორბლიანმა ტრანსპორტმა იმოძრაოს მათთვის ნაკლებად მიზანშეწონილ გზაზე. მეორე გზა – ეს არის საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის დახვეწა. მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი კი საინფორმაციო კამპანიაა,“ – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბაბუნაშვილმა.

ამჟამად თბილისში ველობილიკი მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზეა მოწყობილი. თბილისის მერიის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მათი მიზანია, ყველა ველობილიკი ერთმანეთს დაუკავშირდეს, რათა სისტემა უფრო გამართული იყოს. ვიქტორ წილოსანის თქმით, ყველა მოქალაქეს, იმის მიუხედავად, თუ რომელი სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობს, გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, თუმცა თბილისში ჯერ ასე არ არის.

„გვაქვს უკუკავშირი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხარვეზები არსებობს, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, ხშირად გვხვდება ხოლმე ველობილიკებზე გაჩერებული ავტომობილები. როცა ეს მიიღებს ერთიან სახეს, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან მკაცრი და შესაბამისი ზომები გვექნება“, – განაცხადა თბილისის მერიის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა.

დედაქალაქში სულ უფრო მეტ მოქალაქეს სურს ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადასვლა – ურბანისტები ამბობენ, რომ საგრძნობლად გაიზარდა ველოსიპედისტთა რიცხვიც, თუმცა დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურა მათ მოთხოვნებსა და დადგენილ სტანდარტებს ჯერ სრულად ვერ აკმაყოფილებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend