მილანის შემდეგ ახლა პარიზი მასპინძლობს მოდის კვირეულს. 107 ბრენდს შორის 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია მოდის სახლმა „დიორმა“ წარდგინა.
ეს მოდის სფეროში ყველაზე მასშტაბური და ორიგინალური ღონისძიება იყო, რომელიც პანდემიის შემდეგ გაიმართა. „დიორის“ დიზაინერმა მარია გრაციამ სცენაზე რენესანსის ეპოქა გააცოცხლა. შთაგონების წყარო კი მე-16 საუკუნეა. მან საზოგადოებას საფრანგეთის დედოფლის ეკატერინე მედიჩის ეპოქა წარმოუდგინა. გაზაფხული-ზაფხულის თანამედროვე კოლექციაში ისევ კორსეტები და პლატფორმიანი ფეხსაცმელებია. თავის დროზე საფრანგეთში მოდური იყო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, რომლებსაც დედოფალი სიმაღლის მოსამატებლად იყენებდა.
მოდელები ფართო, ზარის ფორმის რგოლებით, მაქმანებიანი შორტებითა და მოქარგული ყვავილებით დაფარული გრძელი შავი ქურთუკებით პოზირებდნენ დიორის სახლში შეკრებილი საზოგადოების წინ.
ცნობილი ვარსკვლავები, რომელთა შორისაც იყვნენ ნატალი პორტმანი, როზამუნდ პაიკი, ემა რადუკანუ, ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ საფრანგეთის სასახლისა და ტიუილრის ბაღის გაცოცხლებას დიორის სცენაზე. ყველაზე ძველი კლასიკური ფრანგული ბაღის იმიტაცია კიდევ უფრო უსვამდა ხაზს რენესანსის ეპოქას, რადგან გაცვეთილი ხის კარნიზებისა და სვეტების მიღმა წარსულის საიდუმლოებები იკითხებოდა. დედოფალ ეკატერინე მედიჩს განთქმული ბაღები და სასახლე ჰქონდა, შესაბამისად, დიორის ჩვენებაზე დამსწრე საზოგადოებისთვის რენესანსის ეპოქის სიმბოლოების აღმოჩენა მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.
შავი ფერიც, რომელიც დიორის ახალი კოლექციის მთავარი ფერი აღმოჩნდა, სიმბოლურად უკავშირდებოდა მე-16 საუკუნის დედოფალს, რომელსაც ,,შავი დედოფალიც“ კი უწოდეს მუდმივად შავი სამოსის ტარების გამო.
პარიზის მოდის კვირეული, რომელიც 26 სექტებერს დაიწყო, 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.