მთავარისაქართველოსოხუმის დაცემის დღეს გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

სოხუმის დაცემის დღეს გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

შავებში ჩაცმული დედები ისევ მოდიან მათთვის საამაყო, მაგრამ ტკივილით სავსე ადგილთან. უკვე 29-ე წელს ისევ იხსენებენ იმ ძმათამკვლელ ომს, რომელმაც აფხაზებსა და ქართველებს გულანთებული ახალგაზრდობა წაართვა. სოხუმის დაცემიდან და რუსეთის მიერ აფხაზეთის დროებით ოკუპაციისგან 27 სექტემბერს 29 წელი გავიდა. იხსენებენ თავიანთ შვილებს და მათი ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფოს მეტი თანადგომისკენ მოუწოდებენ.

18 წლის მამუკა ბეინაშვილის დედა მანანა ბეინაშვილი იხსენებს, რომ მისი შვილი 19 წლის გარდაცვალებიდან მეორე დღეს გახდა.

„ჩემი შვილი მამუკა ბეინაშვილი 18 წლის იყო როცა დაიღუპა. მისი დაბადების დღის წინა დღეს. მეორე დღეს გახდა უკვე გარდაცვლილი 19 წლის. ეს არის უდიდესი ტრაგედია ჩემთვის და ყველა დედასთვის. 29 წელია გულში უდიდეს ტკივილს ვატარებ. ვთხოვ ყველას, ნუ დაყოფენ აფხაზეთში დაღუპულთა და 2008 წელს გარდაცვლილთა გმირობას. ესენი, ჩვენი შვილები, ყველა ამ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ“, – განაცხადა მანანა ბეინაშვილმა.

გმირთა მემორიალი ტრადიციულად, გვირგვინებით შეამკეს მთავრობის წევრებმა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა მინისტრებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

„დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა სრულიად საქართველოსთვის, 29 წელი გავიდა ნამდვილად 1993 წლის 27 სექტემბრიდან. მე ძალიან კარგად მახსოვს სოხუმის დაცემის დღე, 17 წლის ვიყავი მაშინ, რამხელა ტკივილი და ტრაგედია იყო სრულიად საქართველოსთვის. ქედს ვიხრი გმირების, ამ ადამიანების წინაშე, რომელთა გვარებიც ამ კედელზე ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული, ნამდვილად გმირები არიან ისინი. აქ ჩემი მეგობრებიც არიან, ბიძაშვილიც არის, ნათესავებიც არიან და ყველას დიდი მადლობა, რომ იცავდნენ ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

მთავრობის წარმომადგენლების გარდა, გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. მათი თქმით, მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს აფხაზი და ოსი ძმების შემოსარიგებლად და ქვეყნის გასაერთიანებლად.

„აფხაზეთის ომის დასრულებიდან თითქმის 30 წელი გავიდა და ჩვენ ქვეყნის გაერთიანებისაკენ ერთი რეალური ნაბიჯიც კი არ გადაგვიდგამს – სხვის იმედად კი არ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხის გადაწყვეტაში, არამედ ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ვიდრე იმის იმედად ვიქნებით, რომ სხვაგან ვინმე რამეს გააკეთებს და ჩვენი პრობლემები მოგვარდება, ყოველ წელს მოვალთ ასე გულგახეთქილები, ერთმანეთს გავახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილი იყო და გვინდა, რომ იყოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაგრამ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ“, – განაცხადა პოლიტიკოსმა ნინო ბურჯანაძემ.

გმირთა მემორიალის კედლებზე, ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული 29 წლის წინ აფხაზეთში დაღუპულთა სახელები და გვარები. 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. იმ ომის დასასრულის თარიღი, რომელიც ძმებს შორის ბოროტმა მეზობელმა რუსეთმა გააჩინა და დღემდე თავისი დაუნდობლობით აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend