მთავარიევროპაუკრაინარუსული საოკუპაციო ძალების სარაკეტო იერიშს ქალაქ კრამატორსკზე ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსული საოკუპაციო ძალების სარაკეტო იერიშს ქალაქ კრამატორსკზე ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც ოთხი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბრძოლები გრძელდება და უკრაინელი სამხედროები თითქმის სრულად აკონტროლებენ კუპიანსკის დასახლებას, რომელიც მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია. ამავდროულად, უკრაინელი ოფიციალური პირები კიდევ ერთი მასობრივი სამარხის აღმოჩენის შესახებ საუბრობენ.

უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევის შედეგად გათავისუფლებულია ათასობით კვადრატული კილომეტრი მიწის ფართობი. თუმცა რუსები და გასამხედროებული ჯგუფი „ვაგნერი“ კვლავ ცდილობენ, გაარღვიონ უკრაინელთა პოზიციები და კრამატორსკის მიმართულებით დაიძრნენ. გუშინ ქალაქზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

რამდენიმე კვირის წინ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკივის რეგიონი კონტრეშეტევის შედეგად დაიბრუნეს. ისინი აკონტროლებენ კუპიანსკის დასახლების უმეტეს ნაწილს, რომელიც მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია. ეს ის ადგილია, საიდანაც რუსეთის არმია მარაგდებოდა.  თუმცა ოკუპანტებს მდინარე ოსკილის აღმოსავლეთ ნაპირის მცირე ნაწილი უკავიათ, რაც უკრაინელებს არ აძლევს ლუჰანსკის რეგიონისკენ წინსვლის საშუალებას.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს ომი რუსეთისთვის უკვე აზრს კარგავს, ოკუპანტები ინიციატივითაც არ გამოირჩევიან, თუმცა, მიუხედავად ამისა, სარდლობა ჯარისკაცებს აიძულებს, სიკვდილზე წავიდნენ. მას მიაჩნია, რომ დონეცკის რეგიონში რუსეთის მუდმივი შეტევის მცდელობები საკუთარი ჯარისკაცების ცინიკური მკვლელობაა და ამას ისტორია აუცილებლად შეაფასებს.

ამავდროულად, უკრაინის წარმომადგენლები რუსების მიერ მიტოვებული პოზიციების მახლობლად კიდევ ერთი მასობრივი სამარხის შესაძლო ადგილს იკვლევენ. მათი აზრით, სამარხი უნდა იყოს ქათმების ფერმასთან, დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც რუსი სამხედროები  ტანკებს მალავდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend