მთავარისაქართველოლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის დატოვების მსურველთა გრძელი რიგებია

ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის დატოვების მსურველთა გრძელი რიგებია

რუსეთში მობილიზაცია გრძელდება. პარალელურად არ წყდება რუსეთის მოქალაქეების ნაკადი მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან.  მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა სამხედრო მობილიზაციის გადაწყვეტილება მიიღო, მრავალკილომეტრიანი საცობებია საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. ტელეგრამარხებზე  შექმნილია სპეციალური გვერდებიც, რომლებზეც რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს აძლევენ რჩევებს, თუ როგორ შემოვიდნენ საქართველოში. ბრძოლის არიდებას რუსეთის მოქალაქეები სხვადასხვა ფორმით ცდილობენ: მოდიან ავტობუსებით, ავტომობილებით, ველოსიპედებით და ხშირად ფეხითაც. ბევრს შექმნილ ვითარებაზე ღიად საუბარი არ სურს, თუმცა ვინც კამერებთან საუბარს თანხმდება, ამბობს, რომ რუსეთში პანიკაა შექმნილი.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე გრძელი რიგია წარმოქმნილი. რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, რათა თავი აარიდონ ჯარსა და უკრაინაში მიმდინარე ომში გაწვევას. ბოლო ინფორმაციით, საზღვარზე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე დგას ხალხი. რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვების მიზეზებზე საუბრობენ.

რუსეთის მოქალაქის რომან ისიფის თქმით, რუსეთში ახლა ნაწილობრივი მობილიზაციაა გამოცხადებული. ისინი 300 000 პირის გაწვევას აპირებენ. ცნობა გაწვევის შესახებ თითქმის ყველას მისდის. არავინ იცის, შემდეგი ვინ იქნება. ამიტომ მეგობრებმა საქართველოში დასვენება გადაწყვიტეს. ისინი შორიდან დააკვირდებიან  მოვლენების განვითარებას.

რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე ამბობს,  რომ მათ არ ეშინიათ, უბრალოდ არ მოსწონთ რუსეთის ქმედებები. ზოგს ბევრი ნათესავი ჰყავს უკრაინაში, ამიტომ ძალიან ღელავენ უკრაინელი ძმების გამო.

რუსეთის მოქალაქეები ყველა გზითა თუ საშუალებით, ფეხით, ველოსიპედით, ავტობუსითა თუ ავტომობილით, ცდილობენ, რეჟიმს გაექცნენ და მობილიზაციას თავი დააღწიონ. ისინი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზეც საუბრობენ.

რუსეთის მოქალაქე დავიდი ამბობს, რომ ხალხი გაურბის რეჟიმს, რომელიც ადამიანებს წირავს. მისი თქმით, ისინი ჯერ ქვეყნის შიგნით ხოცავდნენ, ახლა კი ქვეყნის ფარგლებსაც გასცდნენ.

ქვეყანაში პანიკაა.  ვისაც დავიდი იცნობს, ყველა თავზარდაცემულია. უმეტესობამ არც იცის, რა ქნას, რადგან წასასვლელიც არსად აქვს. დავიდი აღნიშნავს რომ, მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტს პასპორტიც კი არ აქვს.

რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მობილიზაცია ეხებათ რეზერვისტებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაიარეს სამხედრო სამსახური ან მათ, ვისაც რამე განსაკუთრებული უნარი აქვს. თუმცა რეზერვისტად 65 წლამდე ყველა მამაკაცი მიიჩნევა. საიდუმლო პუნქტი კი რუსეთის პრეზიდენტს დამატებითი ძალების მობილიზაციის საშუალებას აძლევს. არსებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 300 000 რეზერვისტის გაწვევაა დაგეგმილი.  რუსეთის მოქალაქეები მასობრივად გადადიან სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის მონღოლეთში, თურქეთში, სომხეთსა და ფინეთშიც.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend