მზარდი ინფლაცია, მეტისმეტი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე და ენერგომომარაგების შეწყვეტის რისკი. ევროკომისია თავისი არსებობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ზამთრის წინაშე დგას. საინტერესოა, რა გამოსავალს გვთავაზობენ? და როგორ აპირებენ, შეუმსუბუქონ მოქალაქეებს გაზრდილი კომუნალური ხარჯის ტვირთი? „ევრონიუსის“ ჟურნალისტი აიდა სანჩესი ამ საკითხებზე ენერგოკომისარ კადრი სიმსონს ესაუბრა
აიდა სანჩესი, ევრონიუსი:
ევროკომისიის პრეზიდენტმა სულ ახლახან ახალი სანქციების შესახებ გააკეთა განცხადება. თქვენი აზრით, რას უნდა ველოდოთ?
კადრი სიმსონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში:
„ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ, თუკი დავინახავთ, რომ სანქციების წინა პაკეტებში რაღაც გამოგვრჩა. გვინდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა ვეღარ მიიღოს დამატებითი დაუმსახურებელი შემოსავალი, რომელიც მათ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში შეუწყობს ხელს.“
აიდა სანჩესი, ევრონიუსი:
მაინც რა გამოგრჩათ წინა პაკეტებში, კონკრეტულად რა წინადადებები გაქვთ?
კადრი სიმსონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში:
საქმე სანქციების განხორციელებას ეხება. მაშინ, როცა უკვე მიღწეულია შეთანხმება ზოგიერთ სექტორსა და მომსახურებასთან დაკავშირებით, ირკვევა, რომ უფრო ზუსტად უნდა გათვალო მიზანი.
აიდა სანჩესი, ევრონიუსი:
ახალი სანქციებიც ენერგეტიკაზე გააკეთებს აქცენტს?
კადრი სიმსონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში:
ენერგეტიკას უკვე რამდენიმე სანქცია შეეხო. პირადად მე მჯერა, რომ აუცილებელია რუსული ბუნებრივი აირის ფასს ზედა ზღვარი დავუწესოთ, რადგან აქამდე სანქცია გაზს არ შეხებია. არადა, უსამართლობაა, რომ რუსეთი, რომელიც მიწოდებით მანიპულირებს, მოწოდებაში წყვეტით მიღებულ ზარალს ნაწილობრივ სწორედ ბუნებრივ აირზე ფასის ზრდით აინაზღაურებს.
აიდა სანჩესი, ევრონიუსი:
რუსულ ბუნებრივ აირზე ფასის ზღვრის დაწესების თაობაზე ადრეც ითქვა, მაგრამ ევროკომისიის ბოლო წინადადებებში აღარ არის ნახსენები. რატომ?
კადრი სიმსონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში:
უამრავი კითხვა დაისვა იმის თაობაზე, თუ როგორ მოვახერხებთ უსაფრთხო მოწოდების უზრუნველყოფას ამ ზამთარსა და მომავალ წელს. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს არ აქვს ალტერნატიული გაზსადენები, რომლებიც მას საშუალებას მისცემდა, რომ ის გაზი, რომელსაც რუსეთი მოქმედი კონტრაქტის მქონე მყიდველებს არ მიჰყიდის, ვინმე სხვას მიჰყიდოს. სხვას რომ მიჰყიდონ, ამის საშუალება არ აქვთ. ამიტომ ფასის ზედა ზღვარი შესაძლოა იყოს გამოსავალი, რადგან ეს იქნება ერთადერთი გზა, რომ გარკვეული შემოსავალი მიიღონ, თუმცა იმ გადაჭარბებულ მოგებას, რომლის მიღება ახლა მაინც შეუძლიათ, ვეღარ მიიღებენ.“
აიდა სანჩესი, ევრონიუსი:
როგორ გგონიათ, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიც მოისურვებენ რუსული გაზის ფასის შეზღუდვას? ზოგიერთს ადრე არ უნდოდა.
კადრი სიმსონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში:
ეს მართლაც რთული საკითხია, რადგან ჩვენ ბუნებრივი აირის იმ მოცულობაზე უნდა ვიზრუნოთ, რომელიც გვაქვს, რათა ეს ზამთარი უსაფრთხოდ გავატაროთ. ამ მხრივ წევრმა ქვეყნებმა უკვე ბევრი რამ გააკეთეს. გაზის საერთო მოხმარების შესამცირებელი ზომები მიიღეს და შეავსეს ბუნებრივი აირის საცავები. ამჟამად მიწისქვეშა გაზსაცავები 86 პროცენტით არის შევსებული. ეს გაცილებით მეტია ზაფხულში შეთანხმებულ მაჩვენებელზე.
აიდა სანჩესი, ევრონიუსი:
ზოგიერთ ქვეყანას სურდა, რომ ზღვრული ფასი ევროპაში იმპორტირებულ ყველა გაზზე დაწესებულიყო. თქვენი აზრით, ეს იმუშავებს?
კადრი სიმსონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში:
სხვა პარტნიორებს რუსეთისაგან განსხვავებულად უნდა მივუდგეთ. ახლა ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენი საკუთარი გაზსადენით გვიკავშირდებიან: ნორვეგიასთან, აზერბაიჯანთან, ალჟირთან – ყველა მათგანთან. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ დიალოგს ენერგეტიკის საკითხებზე და აუცილებლად დავუკავშირდებით ამ ქვეყნებს და შევეცდებით გამოვნახოთ გზა, რათა გაზის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს. გარდა ამისა, გვაქვს თხევადი ბუნებრივი აირის ბაზარიც. უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისი მანიპულირება არ მოხდება, რომ მისი ფასის ქვედა ზღვარი საშუალებას მოგვცემს, მეტი გათხევადებული აირი მივიღოთ, როცა დაგვჭირდება.
აიდა სანჩესი, ევრონიუსი:
როგორც ვხვდები, ევროკომისია არ აპირებს ყველა იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე გაზის ფასის ზედა ზღვრის დაწესების წინადადებით გამოვიდეს. ეს ევროკომისიის უარს ნიშნავს?
კადრი სიმსონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში:
არა, სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა ჩვენ ყველაზე მეტად ის გვაფიქრებს, როგორ შემოვიღოთ ამის მსგავსი მექანიზმი ისე, რომ არ დაზიანდეს უკვე არსებული ან პოტენციური მოწოდების მოცულობა.
აიდა სანჩესი, ევრონიუსი:
მოდით, ევროკომისიის მიერ უკვე შემოთავაზებულ ზომებზე გადავიდეთ. რა იქნება პირველი, რასაც მოქალაქეები თვალნათლივ დაინახავენ? საქმე ისაა, რომ როგორც სოლიდარობის გადასახადი, ისე ბაზრის შემოსავლები ტექნიკურად ცოტა რთული განსახორციელებელია.
კადრი სიმსონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში:
ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრ ქვეყანაში მოქალაქეებმა უკვე ნახეს გარკვეული შედეგები. ერთი კვირის წინ გამოთქმული ინიციატივა იმ ბაზრებზეა გათვლილი, სადაც მიწოდების დეფიციტია.
აიდა სანჩესი, ევრონიუსი:
მაგრამ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის ფული, რომლის ამოღებასაც ევროკომისია ამ ორი გადასახადის მეშვეობით აპირებს?
კადრი სიმსონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში:
ფასის ზედა ზღვარი გათვლილია ელექტროენერგიის იმ მომწოდებლებზე, რომლებსაც ნაკლები უჯდებათ წარმოება, ვიდრე მაგალითად, ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურებს. დაზოგილი ფული მთავრობამ საცალო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის დასახმარებლად უნდა გამოიყენოს და ამ ფულს დაუყოვნებლივ მიიღებს.
აიდა სანჩესი, ევრონიუსი:
და სოლიდარობის დახმარებას როდის ვიხილავთ?
კადრი სიმსონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში:
სოლიდარობის დახმარება შეეხება იმ ჭარბ შემოსავლებს, რომლებსაც წიაღისეული საწვავის სექტორში დაკავებული კომპანიები მიიღებენ წელს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ მოგვცემენ დამატებით თანხებს წლის ბოლომდე.
აიდა სანჩესი, ევრონიუსი:
არსებობს ასევე ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 5 პროცენტით შემცირების ვალდებულება. როგორ გააკონტროლებს ევროკომისია, ასრულებს თუ არა წევრი ქვეყანა ამ მოთხოვნას?
კადრი სიმსონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში:
ეს აუცილებელი ვალდებულებაა, რაც ნიშნავს, რომ წევრმა ქვეყნებმა ძალიან კარგად იციან, რისი გაკეთებაც აუცილებელია. მოთხოვნაზე პასუხი გაცემულია და დიდ მომხმარებლებთან სარფიანი კონტრაქტებიც დადებულია. ეს ნიშნავს, რომ უფრო ხშირად უნდა გამოვიყენოთ ისინი.
აიდა სანჩესი, ევრონიუსი:
ისე ხომ არ მოხდება, რომ უშუალოდ მოქალაქეებსაც მოუწევთ ენერგიის დაზოგვა და მოთხოვნის შემცირება?
კადრი სიმსონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში:
ოჯახი დაცული მომხმარებლის რიცხვში შედის. ასე რომ, კრიზისის შემთხვევაშიც კი, თუკი მოწოდების დეფიციტი გვექნება, ეს ოჯახს არ შეეხება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა არ უნდა დაზოგოს ენერგია. ეს გონივრული მიდგომაა. ეს დაგვეხმარება, შევამციროთ კომუნალური გადასახადი. თუ ამ წუთებში მილიონობით ევროპელი კარგად მოიქცევა და არ გაფლანგავს ელექტროენერგიას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მრეწველობა არ აღმოჩნდება ცუდ მდგომარეობაში, საჭიროა მეტი რაციონალობა.
ავტორი: აიდა სანჩესი