მთავარისაქართველორატომ დაიხურა ის საიტები, რომლებზეც ფილმების ყურება იყო შესაძლებელი

რატომ დაიხურა ის საიტები, რომლებზეც ფილმების ყურება იყო შესაძლებელი

„სად ვუყურო ახალ სერიალებს და ფილმებს?“ ეს კითხვა სოციალურ ქსელში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საქართველოში ის საიტები დაიხურა, რომლებიც ფილმებს ინტერნეტში არალეგალურად ავრცელებდნენ. მოსახლეობის უმეტესობა საქართველოში სწორედ ასეთ საიტებზე უფასოდ უყურებდა ფილმებს. ბესარიონი მათ შორისაა. იგი ქართულ არალეგალურ საიტებს მუდმივად მოიხმარდა.

„რაღაც დრო ადაპტაცია მომიწია. აი, რომ დაიკეტა მაშინ და ალტერნატივაც რომ არ არსებობდა, მაგრამ მერე, როგორც აღმოჩნდა, ისევ ხელმისაწვდომი გახდა. ამიტომ მგონია, რომ პრობლემა არ არსებობს. აქამდეც იყვნენ და მომავალშიც გამოჩნდებიან სხვა ვიღაცებიც“, – ამბობს ბესარიონ სათნო.

მისი თქმით, მეკობრული საიტების უპირატესობა ის კი არ იყო, რომ ყველაფერი უფასო იყო, არამედ ის, რომ აქ იმ ფილმების ნახვაც შეიძლებოდა, რომლებსაც ფასიან საიტებზე ვერ ნახავ. თუმცა მიაჩნია, რომ ქართველი კინომწარმოებლების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.

„ანუ ქართული წარმოებისთვის რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ეს გასაგებია და მესმის, მაგრამ ტარანტინოს ინტერესებს რომ ვიცავთ, ის – არა“, -აღნიშნა ბესარიონმა.

ფილმების ნებართვის გარეშე ონლაინგავრცელება და ყურება მეკობრეობა და ინტელექტუალური უფლებების დარღვევაა. არალეგალური საიტები კი ქართულ კინოინდუსტრიას დიდ დარტყმას აყენებდა, რადგან ფილმები ბაზარზე უფასოდ იყო ხელმისაწვდომი. პრდიუსერ ციაკო აბესაძეს მიაჩნია, რომ პირატული საიტების დახურვით ქართული კინოინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი დგება.

„ეს უფრო მეტ საშუალებას მისცემს ადგილობრივ კინომწარმოებელ კინოკომპანიებს, მათ ლიცენზიიდან მიღებული თანხით უფრო მეტი პროდუქტის წარმოება შეეძლებათ. თანხის ეს ბრუნვა გამოიწვევს ახალი პროდუქტის შექმნას. მაყურებლის მოთხოვნაც უფრო მეტად გაჩნდება, რომ ხარისხიანი პროდუქტი დადოს ამ საპროდიუსერო კომპანიამ. ეს უფრო მეტად გამოიწვევს უცხოელთა დაინტერესებას,“ – ამბობს პროდიუსერი ციაკო აბესაძე.

გარდა იმისა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია, მისი დაცვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაცაა.

„სინამდვილეში ეს არის შავი-ბნელი მიწისქვეშა ბიზნესი, რომელიც არის კრიმინალური და დასჯადი საქმიანობა. მათ რომ სურვილი ჰქონოდათ, აი, ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, როდესაც ეს პროცესი მიმდინარეობდა, თავისუფლად შეეძლოთ, აეღოთ ლიცენზიები, ლეგალური გაეხადათ საკუთარი ვებგვერდი და უბრალოდ გაეგრძელებინათ საქმიანობა. როდესაც ჩვენ სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას ვეხებით, აუცილებელია, რომ ამ ადამიანს ვკითხოთ ნებართვა, იმიტომ, რომ ეს არის მისი საკუთრება და მისგან უნდა ავიღოთ ლიცენზია. ლიცენზიის გარეშე არაფრის გამოყენება არ შეიძლება. ინტელექტუალური საკუთრების დარღვევა ითვალისწინებს სამოქალაქო პასუხისმგებლობასაც, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასაც და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც“, – ამბობს საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის დირექტორი ზურაბ ბეჟაშვილი.

პირატული ვებსაიტების დახურვასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა არ წყდება, თუმცა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის შედეგად ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა, მეტი ახალი ლეგალური ალტერნატივა გამოჩნდეს.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend