მთავარისაქართველოირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროში და პოლიტიკური შეფასებები

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროში და პოლიტიკური შეფასებები

გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს ოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, რუსეთ-უკრაინის ომი და კავკასიაში, საქართველო როგორც მშვიდობის დამყარების ცენტრი. პრემიერმა ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის როლს რეგიონში იქცეს დიალოგის ცენტრად, რათა საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს.

„დღეს, როდესაც მე აქედან მოგმართავთ, მთელი კაცობრიობა საფრთხეების წინაშეა, რომელთა იგნორირება აღარ შეგვიძლია. კლიმატის ცვლილებით შექმნილი პლანეტარული კრიზისები, მათ შორის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და გარემოს დაბინძურება ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. მრავალი გამოწვევის მსგავსად, ის, პირველ რიგში, გავლენას ახდენს განვითარებად ქვეყნებზე და აფერხებს მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზებას. ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა ევროკავშირთან უმაღლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის კუთხით. საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. საქართველო დგას უკრაინის გვერდით. ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას. მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში ვუმასპინძლეთ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ნაყოფიერ დისკუსიებს. მზად ვართ, მოვიაზრებოდეთ დიალოგის ცენტრად, რათა ესოდენ საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს ჩვენს რეგიონში.

ამ განზრახვით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს. ის არ ანაცვლებს და არც ეწინააღმდეგება ან უპირისპირდება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს. სამაგიეროდ, საქართველო იმედოვნებს, რომ იქნება პატიოსანი შუამავალი, რომელიც დაეხმარება რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის მსოფლიო ტრიბუნაზე გამოსვლა, საქართველოში პოლიტიკური შეფასებების ინტერესი გახდა. საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, პრემიერი საერთაშორისო ტრიბუნებზე განსხვავებულად საუბრობს, ქვეყნის შიგნით კი ამომრჩევლების გულის მოსაგებად, პრორუსული განცხადებებითაა დაკავებული. ხელისუფლების ოპონენტების თქმით „ქართული ოცნება“ და მის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა, საქართველოში რუსულ ინტერესებს ემსახურება და ირაკლი ღარიბაშვილის ერთი მიმართვა, სურათს ვერ შეცვლის.

„როგორც კი უკრაინა ბრძოლის ველზე აღწევს წარმატებას, „ქართული ოცნება“ ცდილობს შედარებით სწორი, პროდასავლური განცხადებები გააკეთოს. მორიგი ასეთი ფაქტი ვიხილეთ გაერო-ში პრემიერის გამოსვლის სახით. ჩვენ გვახსოვს ის განცხადებები, რასაც ღარიბაშვილი აკეთებდა თებერვალში, ომის დაწყებისას და შემდგომ. ასე რომ, მისი ერთი ვითომ კარგი გამოსვლა სურათს ვერ ცვლის. „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა. ეს პარტია არ გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრს და ინტერესებს. ჩვენმა პარტნიორებმა ეს ძალიან კარგად იციან და ვერავინ ვერავის ვერ აუხვევს თვალს“, – განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

ოპოზიციისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრი გაერო-ში გამოვიდა, როგორც ნამდვილი ლიდერი, რომელსაც თან ზუსტი გზავნილები ჰქონდა. ოპონენტების კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ და ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას ყველა დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით, სრულად იზიარებენ.

„გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ძირითადად სამ საკითხს მოიცავდა, სამივე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პირველი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ოკუპაცია არის ჩვენი ერისთვის მიუღებელი და რუსეთის ოკუპაცია მალე დამთავრდება. ასევე, ხაზგასმული იყო, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მათ შორის რუსეთის მიერ წარმოებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, არის სწორედ საქართველოში წარმოებული აგრესიისა და იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ ახორციელებდა. მეორე საკითხი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ხაზი გაესვა, იყო ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და ის, რომ ამ მოკლე დროში, რომელიც ჩვენ გვაქვს, ახლა ქვეყნისთვის პრიორიტეტი არის კანდიდატის სტატუსის მიღება. შესაბამისად, ჩვენი მეტად დაახლოება ევროკავშირის წევრობასთან.

მესამე საკითხი, რომელსაც ხაზი გაუსვა პრემიერმა, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის საკითხი იყო. მოგეხსენებათ, ჩვენ ვცდილობთ, შუამავლობა გავწიოთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოწესრიგება მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ გრძელვადიან მშვიდობაში სამხრეთ კავკასიაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს ორ მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოს შორის მეტი ესკალაცია არ მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის შევთავაზებთ მათ ჩვენს შუამავლობას, რათა კავკასიაში იყოს მშვიდობა“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატები 21 სექტემბერს გაიხსნა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრები და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან. სესია 27 სექტემბერს დასრულდება, მანამდე კი საქართველოს დელეგაცია, რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერს შეხვდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend