მთავარისაქართველორა უნდა იცოდნენ მძღოლებმა - ტექდათვალიერების გაუვლელობაზე ჯარიმები იზრდება

რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა – ტექდათვალიერების გაუვლელობაზე ჯარიმები იზრდება

საქართველოში ჰაერის დაბინძურების უმთავრეს ფაქტორს, მოძველებული ავტომობილების მიერ საწვავის ემისიები წარმოადგენს. ამას არაერთი კვლევაც ადასტურებს.

ქვეყნის ავტოპარკში მილიონ 400 000 ავტომობილია რეგისტრირებული, აქედან ახალი მხოლოდ 3%-ია.

ევროსტანდარტს სრულად ჯერ ვერც საწვავი აკმაყოფილებს, თუმცა ამ მხრივ ცვლილებები დაწყებულია, რადგან საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები აქვს აღებული.

საქართველოს ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ვაჟა იორდანაშვილი ამბობს, რომ ავტომობილების ნახევარი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. არსებული კანონმდებლობის ფონზე კი, დახარვეზებული ავტომობილების მფლობელებს შეკეთების ნაცვლად, ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ.

მისი თქმით, ხარვეზებს შორის მნიშვნელოვანი წილი გამონაბოლქვში CO2-ის ჭარბ რაოდენობას უჭირავს. თუმცა, წლიდან წლამდე სახელმწიფო ნორმებს ამკაცრებს.

„მძღოლები თუ კარგად გააცნობიერებენ, თუ რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია მათ გაუმართავ ავტომობილს, როგორც ჰაერის დაბინძურების, ისე საფრთხის მხრივ, ეს იქნება მნიშვნელოვანი. მეორეს მხრივ, არსებული ჯარიმებისა და აღსრულების ფონზე, მძღოლებს ერჩივნათ ჯარიმის გადახდა, რაც უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე ავტომობილის მოწესრიგება. ამიტომ, სურათი შესაბამისია. რეგისტრირებული ავტომობილების ნახევარი ტექინსპექტირებას ვერ გადის. წახალისება იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მძღოლებს სტიმული მიეცეთ ძველი ავტოპარკის ახლით ჩანაცვლებისათვის“, – ამბობს ვაჟა იორდანიშვილი.

იმისათვის, რომ გარემოზე საწვავის ემისიებით გამოწვეული ზემოქმედება შემცირდეს, პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს დეპუტატებმა.

კანონის გამკაცრების შემთხვევაში, საბაზისო ჯარიმა ისევ 50 ლარი იქნება. თუმცა, ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, განმეორებით ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული კი 300 ლარით დაჯარიმდება. ყოველ შემდეგ ჯერზე ფულადი სანქცია გაორმაგდება.

კანონპროექტის ავტორების თქმით, მიზანი ჰაერის დაბინძურების შემცირება, საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მოქალაქეების უსაფრთხოებაა.

“საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას:

– ფიზიკური პირი დაჯარიმდება -150 ლარის ოდენობით;

– იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება -300 ლარის ოდენობით.

იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს:

– ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;

– იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:

– ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

– იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

ამ კანონის მიზანია, ერთის მხრივ მოხდეს ჰაერის დაბინძურების პრევენცია და მეორე მხრივ საგზაო გადაადგილება იყოს უსაფრთხო“, – აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ მხოლოდ მძღოლების დაჯარიმების გაზრდა პრობლემას ვერ აღმოფხვრის, თუმცა უსაფრთხო გადაადგილებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ავტოპარკის განახლებისთვის სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული წამახალისებელი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა მოქალაქეებმა ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლება ხელმისაწვდომად შეძლონ.

„ისეთი მკაცრი წესები და მოთხოვნები როგორიც ევროპაშია, საქართველოში არ არის. იმიტომ რომ, გათვალისწინებულია ჩვენი ავტოპარკის და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ამ ფონზე, უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ავტომობილების დიდ ნაწილს, ამ მცირე მოთხოვნების დაკმაყოფილებაც არ შეუძლიათ და ამის მიუხედავად მაინც გადაადგილდებიან. ჯარიმების ზრდა და საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანია, თუმცა, სამწუხაროა მხოლოდ ეს რომ არის პრევენციის მთავარი მეთოდი. მიმაჩნია, რომ მძღოლების წახალისება სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიებებით მნიშვნელოვანია. ეს ავტოპარკის განახლებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი

საწვავის ხარისხის გაუმჯობესებისა და ავტოპარკის განახლების მიზნით, სახელმწიფო ჯერ მხოლოდ კანონებს ცვლის და ჯარიმებს ზრდის. ზოგიერთ ქალაქში გაუმჯობესებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. თუმცა, საქართველოში გარემოს დაბინძურების მხრივ საწვავის ემისიები ისევ მთავარ ფაქტორად რჩება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend