მთავარისაქართველოლიტერატურული პრემია "საბა" ოცი წლისაა

ლიტერატურული პრემია “საბა” ოცი წლისაა

„20 წლიანი ლიტერატურული ოდისეა“ – ამ სიტყვებით გახსნა ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია რატი ამაღლობელმა.

წლევანდელი დაჯილდოება განსაკუთრებულია – ლიტერატურული პრემიის დაარსებიდან ოცი წელი გავიდა. დაჯილდოების ადგილმდებარეობაც სიმბოლურად შეირჩა – 2003 წელს, აქ, მთაწმინდის პარკთან ჩატარდა პირველი დაჯილდოება.

წელს „საბაზე“ წარდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის 230-მდე ლიტერატურული ნამუშევარი, საიდანაც ჟიურიმ გამარჯვებულები 9 ნომინაციაში გამოავლინა – საუკეთესო რომანი, პოეტური და პროზაული კრებული, პიესა, ლიტერატურული დებიუტი, დოკუმენტური პროზა და ესეისტიკა,საუკეთესო თარგმანი, ლიტერატურული კრიტიკა და ბოლოს, ჯილდო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

სალიტერატურო დებიუტში თემო რეხვიაშვილის რომანმა „ კურიერის ამბები“ გაიმარჯვა, ხოლო საუკეთესო რომანის ნომინაციაში გამარჯვებულებად არჩილ ქიქოძის „ ხვლიკი საფლავის ქვაზე“ და ირმა ტაველიძის „ ბნელ წყლებში“ დასახელდა.

პრემიის ჟიური 5 წევრისგან შედგება, რომელთა ვინაობა დაჯილდოების ცერემონიამდე ცნობილი არაა. მათი შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება.

პანდემიის გამო გასული ორი დაჯილდოება ონლაინ ჩატარდა. წლევანდელ დაჯილდოებას ისიც სძენდა განსაკუთრებულობას, რომ „საბას“ ცერემონია ტრადიციულ ფორმატს დაუბრუნდა და საზეიმო განწყობა მაყურებლის ტაშმა გააძლიერა.

დაჯილდოების დასასრულს რატი ამაღლობელმა ჟიურის უჩვეულო გადაწყვეტილება გამოაცხადა- პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის არა ერთ კონკრეტულ ადამიანს არამედ ლიტერატურული ჟურნალ „არილის“ მთელ რედაქციას გადაეცა.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend