ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული დისკუსიების შესახებ ისაუბრა. თურქეთის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება სურს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ იგი ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრებას.
თურქეთის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს შესაძლოა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება სურდეს. ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან გამართული დისკუსიის შემდეგ იგი ამ მიმართულებით ახალი ნაბიჯების გადადგმას ელის.
თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის შემართება და განწყობა. იგი პრეზიდენტ პუტინს უზბეკეთში შეხვდა, სადაც მათ ხანგრძლივი დისკუსია გამართეს. მისი აზრით, ვლადიმერ პუტინი მზადაა, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს მიმდინარე მოვლენები. ყოველ შემთხვევაში, მას ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რადგან ახლა ვითარება საკმაოდ პრობლემურია. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების მიხედვით, რუსეთი და უკრაინა გაცვლიან 200 ტყვესაც. მისი აზრით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ასევე ისაუბრა თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრებას, განსაკუთრებით კი შვედეთისა, რომლის ხელისუფლებაც ტერორისტების შეფარებაში დაადანაშაულა.