ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში წერია, რომ ისინი ხელისუფლებას სთავაზობენ იმ ბაზისურ მიდგომებს, რომლებიც არასამთავრობო სექტორის ხედვებთანაა შეჯერებული. მათი შეფასებით, რეალისტურია, რომ ეს ხედვები დარჩენილ მოკლე ვადაში შესრულდეს. დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს პრინციპულად მიაჩნიათ დეპოლარიზაციის მიმართულებით 19 აპრილის შეთანხმებაში დაბრუნება და შესრულება. მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით მიღება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების დასრულება.
„ჩვენ დღეს გამოვაქვეყნეთ სამუშაო დოკუმენტი, რომელიც გასაჯაროვდა. რომელიც არის კომპრომისული ვერსია, რაზეც შევთანხმდით სამოქალაქო სექტორთან. პოლიტიკურმა ოპოზიციამ ვაჩვენეთ, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ვართ მზად, წავიდეთ კომპრომისზე და დიახ, დავთმეთ ბევრი საკითხი და მინიმუმზე მინიმალური პაკეტია ახლა შემუშავებული. რომლის შესრულებას არაფერი წინ არ უდგას, გარდა ერთისა – პრორუსული „ქართული ოცნების“ რუსული მისწრაფებები“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
ამ დოკუმენტს არ უერთდება ოპოზიციის ნაწილი. ისინი თავიანთ პოზიციას ასე განმარტავენ.
„ამრომ პროცესში ყველამ უნდა მიღოს მონაწილეობა, ვინც ამაში არ იღებს მონაწილეობას, ერთი მხრივ, აზიანებს ამ პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, მყარ არგუმენტს აძლევს „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ საბოლოოდ რაღაცა წარუმატებლობის შემთხვევაში ეს ოპოზიციას დაბრალდეს. რა კანონები მოამზადეს, ჩემთვის უცნობია, არსად არ არის განთავსებული, არსად არ წარმოუდგენიათ. მაგრამ, გეტყვით, რომ თუ ამ კანონებში იქნება ის რასაც ვემხრობი, კომიტეტზეც საჯაროდ ვიტყვი, რომ სწორია და გასაზიარებელია“, – აღნიშნა „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანმა.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და პარტია მას აღარ დაუბრუნდება. პარტიაში ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაციის პროექტზე თავად ოპოზიციამ დაიხია უკან.
„19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული და ეს ძალიან კარგად იციან მათ. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერის შემცირებას, ამ ინიციატივას არ განვიხილავთ, შეიძლება განვიხილოთ გაისად, შეიძლება 2024 წელს. დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება, მათ კიდევ ერთხელ გავუმეორებ, რომ ეშინიათ, მოყვება ამ კანონის ქვეშ კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვები მოყვებიან, ამიტომ არ უნდათ ამ კანონის მიღება. რაც შეეხება ანტიკორუფციულს, ჩვენ გავამზადებთ კანონპროექტს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა. ყველა მიმართულებით აუცილებლად, ჩვენ გვექნება ჩვენი ინიციატივები და გავყვებით შესაბამის კანონპროექტებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თუ ხელისუფლებას რეალურად სურს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, მაშინ ოპოზიციის მიერ წარდგენილი ცვლილებების ეს ვარიანტი უნდა გაიზიარონ. მათივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტატუსის არმიღების სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს.
ანა ალელიშვილი