ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები ესპანეთში ძველი ტრადიციისა და იმ პოპულარული ღონისძიებების გაუქმებას მოითხოვენ, რომლებშიც ხარები მონაწილეობენ. მიმდინარე წელს მსგავს ღონისძიებებს უკვე ემსხვერპლა 13 ადამიანის სიცოცხლე. ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ტრადიცია არ უნდა გაუქმდეს, თუმცა აუცილებელია უსაფრთხოების ზომების გამკაცრება.
მადრიდის შემოგარენის ერთ-ერთ პატარა დასახლებაში ხარების ტრადიციული რბოლა გაიმართა.
ღონისძიებამ მშვიდად და სერიოზული დაზიანებების გარეშე ჩაიარა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა სისხლჩაქცევა, თუმცა ეს ყოველთვის ხდება ხოლმე. მიმდინარე წელს ესპანეთში 13 ადამიანი დაიღუპა ხარების რბოლის დროს.
ის ადამიანები, რომლებიც ამ პოპულარულ ღონისძიებას იცავენ, აცხადებენ, რომ ეს მათი ტრადიციის ნაწილია.
საბრძოლო ხარების მომშენებელი ანტონიო ლეალი ამბობს, რომ რისკი ამ მოვლენის ნაწილია და ბევრ ადამიანს ძალიან მოსწონს ეს. მისი თქმით, ხარის წინ დგომისას თუ რბოლის დროს დიდი რაოდენობით გამოიყოფა ადრენალინი.
ცნობილ დღესასწაულებს, რომლებშიც ხარებიც მონაწილეობენ, აკრიტიკებენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები. ამ კრიტიკამ გაამძაფრა საკითხი, უნდა შენარჩუნდეს თუ არა ტრადიცია, რომელსაც ხშირად ადამიანის სიცოცხლეც ეწირება.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მუშაობის შედეგად ესპანეთის მთავრობამ სცადა ერთ-ერთი ღონისძიების გაუქმება. მიუხედავად იმისა, რომ ხარების ბრძოლა 40%-ით შემცირდა, ხარების მონაწილეობით პოპულარული დღესასწაულების რაოდენობა უცვლელია. წელიწადში 15000-ზე მეტი ღონისძიება ტარდება.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის ანა ბეხარის თქმით, ამ დღესასწაულებს ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლე ეწირება და, სამწუხაროდ, ამას არავინ აკონტროლებს.
ესპანეთის ქალაქების მერები უსაფრთხოების ზომებისა და ნორმების გამკაცრების შესახებ საუბრობენ.
ბესერილ-დე-ლა-სიერის მერს ანტონიო ჰერეროს მიაჩნია, რომ არ უნდა შეწყდეს იმ ტრადიციის აღნიშვნა, რომელიც უკვე მრვალი წელია იმართება, თუმცა აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება.
წელს ხარების რბოლა ამ ქალაქში იმ ადგილას ტარდება, სადაც შედარებით მოკლე მარშრუტი და უფრო ფართო ქუჩაა, რათა მინიმუმადე იქნეს დაყვანილი უბედური შემთხვევების რაოდენობა. ის კი, ვისაც შეუძლია და აქვს ძალა, ამ ღონისძიებაში ისევ იღებს მონაწილეობას.