კამიანკა პატარა სოფელია ქალაქ იზიუმის სიახლოვეს. სწორედ ამ მიდამოებში სულ ცოტა ხნის წინ დაუნდობელი ბრძოლები მიმდინარეობდა. ინტერვენციის დაწყებამდე სოფელში ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ ახლა სოფელში მხოლოდ 10 ადამიანია. ეს სოფელი ინტერვენციის დაწყებიდან მალევე აღმოჩნდა ოკუპანტების ხელში. აქ რუსული ჯარების სამეთაურო პუნქტიც შეიქმნა.
მარტის დასაწყისში დასახლება გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო. სოფელში არ იყო არც გათბობა და არც ელექტროენერგია. მოსახლეობამ არ იცოდა, რა ხდებოდა ომში. დასახლება 10 სექტემბერს დაიბრუნა უკრაინულმა არმიამ,“მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ გამეგო, შესაძლებელია თუ არა დაბრუნება. მე შვილები და შვილიშვილები მყავს, სადღაც ხომ უნდა წავიდეთ.“ – გენადი ლისენკო, ადგილობრივი.
სოფელში თითქმის ყველა სახლი და ეზო ტყვიებით არის დაცხრილული. ხშირად შეგხვდებათ რუსული სარაკეტო შეიარაღების ნარჩენებიც. სოფელი დაცარიელებულია და ადგილზე მხოლოდ ძაღლის ყეფა ისმის. ნატალია ზდოროვეცი ოკუპაციის პირობებში მშობლიურ სოფელში დარჩა. მას გარე სამყაროსთან კონტაქტი 5 მარტის შემდეგ აღარ ჰქონია,“ვაკუუმში გვიწევდა არსებობა. მსოფლიოს მოწყვეტილები ვიყავით. არ ვიცოდით, რა სიტუაცია იყო. ისიც კი არ ვიცოდით, მეზობელ სოფლებში რა ხდებოდა.“ – ნატალია ზდოროვეცი, ადგილობრივი
ოკუპაციისას ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიტოვებულ სახლებში 2 ათასი რუსი სამხედრო ცხოვრობდა. ერთ დღეს კი მათ სოფელი დატოვეს. სანამ უკრაინელი სამხედროები არ ჩავიდნენ, ადგილობრივებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ხდებოდა მათ სოფელში.