მთავარისაქართველორატომ ცვლის პარლამენტი "მაუწყებლობის შესახებ კანონს", რასაც მოწინააღმდეგები ჰყავს

რატომ ცვლის პარლამენტი “მაუწყებლობის შესახებ კანონს”, რასაც მოწინააღმდეგები ჰყავს

ევრორეკომენდაციებისა და დირექტივების შესრულების მოტივით, „ქართული ოცნების“ 15-მა დეპუტატმა კანონპროექტი მოამზადა, რომლითაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა განხილვაში დაუყოვნებლივ მიიღო და პირველი მოსმენით ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ ევროდირექტივის შესრულებისათვის ეს ცვლილება ერთ-ერთი საჭიროებაა, რომელიც ამავე დროს ქართულ მაუწყებლებს გააჯანსაღებს.

“მიმდინარეობს არაერთი სასამართლო დავა ცილისმწამებლურ განცხადებებთან, ყალბ ნიუსებთან, დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. მხოლოდ ის, რასაც თქვენ საჯაროდ აღიარებთ, რომ თქვენი პოზიტიური ვალდებულებაა, აისახება კანონმდებლობაში და ვფიქრობ, არანაირი პრობლემა დემოკრატიულ საზოგადოებაში, თავისუფალი მედიის პირობებში, არ არის იმაში, თუ ადამიანს ექნება კანონით დაცული საშუალება, პასუხი გასცეს კითხვებს და წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია იმ საკითხებზე, რასაც მედია აშუქებს და მაღალი საჯარო ინტერესის საგანი ხდება ხოლმე. რაც შეეხება სასამართლო დავებს, თუ დავების რაოდენობამ მოიმატა, ეს ახლა გახლავთ მომატებული იმის გამო, რომ ხშირად პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები და ჟურნალისტები არ აძლევენ კონკრეტულ ადამიანებს საშუალებას, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს,”- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციის დიდ ნაწილს კი მიაჩნია, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს ზღუდავს, ამიტომ, ისინი კანონის დაჩქარებული წესით მიღებას მხარს არ უჭერენ.

„რა თქმა უნდა, კამათი არ არსებობს იმაზე, რომ ევროპული სტანდარტები უნდა დაინერგოს, მაგრამ ამ კანონპროექტში ჩანს სერიოზული საფრთხე, რომ ევროპული სტანდარტების საფარქვეშ ხელისუფლებამ გააგრძელოს კრიტიკული მედიის მოხრჩობის პოლიტიკა. რიგი ცვლილებები ამ კანონპროექტში არ არის ევროპული სტანდარტებიდან გამომდინარე. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სურვილი, რომ ჰქონდეს დამატებითი ბერკეტები, რათა გააჩუმოს კრიტიკული აზრის მქონე პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები და აქტივისტები, ამიტომ კანონპროექტის ეს ნაწილი უკიდურესად პრობლემურია. არის ნაწილები, რომელიც კარგია, საჭიროა და აუცილებელი, ამიტომ მიმაჩნია პრობლემური ნაწილები გვერდზე უნდა გადაიდოს და კარგი ნაწილი იქნას მიღებული,“ – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარტია „ლელოდან’ ანა ნაცვლიშვილმა.

კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილებასთან დაკავშირებით, შენიშვნები აქვს სამოქალაქო სექტორსაც. საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობას იღებდა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დირექტორი. მარიამ გოგოსაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ზიზღისა და სიძულვილის ენის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ან სასამართლოს მიერ, მაუწყებლის შინაარსში პირდაპირ ჩარევაა, რაც არათუ ევროდირექტივაა, არამედ თავისუფალი მედიის პრინციპებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

სამოქალაქო სექტორის მოთხოვნით, ქართულ ოცნებასთან შედგა შეთანხმება, რომ ამ ცვლილებას დაჩქარებული წესით არ განიხილავენ.

„კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ნამდვილად შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას, რასაც ჩვენც და ოპოზიციაც მხარს ვუჭერთ. მაგრამ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს გამოხატვის თავისუფლების დღევანდელი წესით არსებულ სტანდარტებს. კატეგორიულად, არ უნდა მოხდეს მაუწყებლის შინაარსში ჩარევა მარეგულირებელი კომისიის ან სასამართლოს მხრიდან. სწორედ ამ ნორმის მიღების შესახებ მიდის მსჯელობა, რაც დემოკრატიის პრინციპებს და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის შესაძლებლობას არღვევს. იმიტომ რომ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო განიხილავს მედიის მიერ მომზადებული მასალის შინაარსს, ეხება ეს სავარაუდო ზიზღის, სიძულვილის ფაქტებსა თუ შესაძლო ცილისწამებას, ეს უკვე არის სახელმწიფოს მხრიდან მედიაში აშკარად ჩარევა. ამიტომ, ჩვენ ვითხოვეთ, რომ ეს კანონპროექტი პარლამენტმა სწრაფად არ მიიღოს და ამ მუხლებზე მსჯელობა გაგრძელდეს, რაზეც „ქართული ოცნების“ მხრიდან თანხმობა მივიღეთ,“- განაცხადა მარიამ გოგაშვილმა.

ამ ცვლილების გარდა, კანონპროექტის პაკეტში პოზიტიური ჩანაწერებიცაა, რასაც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ.

ცნობისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება. ამავე კანონპროექტით, „მაუწყებლობის შესახებ” კანონს „პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება, კერძოდ, „პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს. მცდარი ფაქტის დადგენაში კი შესაძლოა მარეგულირებელი კომისია ან სასამართლო ჩაერთოს. სწორედ ეს იწვევს მმართველი გუნდის ოპონენტების და დარგის სპეციალისტების შეშფოთებას. კანონპროექტს დამტკიცებამდე ორი მოსმენის გავლა და კენჭისყრა დარჩა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend