მთავარისაქართველოომით შთაგონებული ხელოვნება

ომით შთაგონებული ხელოვნება

უკრაინელი ხელოვანების გამოფენა

ნამსხვრევებისაგან შექმნილი ნახატები – ავტორის თქმით, იგი უკრაინელთა ტკივილს გამოხატავს, თუმცა ამავდროულად გამარჯვებისა და უკან დაბრუნების იმედიცაა..

Ეს ნამუშევარი უკრაინელ ხელოვანს, ნატალია კოსეს ეკუთვნის, რომელიც ომის დაწყებიდან მალევე ხარკივიდან თბილისში ჩამოვიდა.

“Ეს ნამსხვრევები ჩვენს ტკივილს გამოხატავს, ჩვენ დავრჩით სახლ-კარის გარეშე.. საკუთარი სამშობლოდან გვდევნიან. ჩვენს ახლობლებთან დავკარგეთ კონტაქტი. ბევრი დაიღუპა, დაშავდა და დაიკარგა. ამ ნამსხვრევებიდან იქმნება რაღაც ახალი – სწორედ ეს არის ჩემი ნამუშევრების იდეაც.” – ნატალია კოსე, უკრაინელი ხელოვანი.

ნატალიას ნახატების ნახვის შესაძლებლობა ბუღაძე გალერეაშია შესაძლებელი, სადაც ორ სხვა უკრაინელ ხელოვანთან ერთად მისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ლიუბოვ დუშინამ სერია სახელწოდებით “ბალადა უკრაინის შესახებ” თბილისში ჩამოსვლის შემდეგ შექმნა. იგი ამბობს,რომ მისი ნამუშევრები უკრაინის მდიდარ ისტორიასა და ომის ტრაგედიით გამოწვეულ ემოციებს გამოხატავს.

“Ჩემი მიზანი იყო, ხელოვნების გზით მომეყოლა თქვენთვის უკრაინის ისტორიისა და კულტურის შესახებ. Ამასთანავე, ჩემს ნამუშევრებში ამჟამინდელი მოვლენებიც არის ასახული – რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.” – ამბობს ლიუბოვ დუშინა.

მესამე მხატვარს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან არ დაუტოვებია ხარკივი. Მან არტდღიური შექმნა, რომლის თითოეული ნამუშევარი ამ ქალაქში დარჩენილთა ყოველდღიურ ემოციებს ასახავს.

“ორი მხატვარი საქართველოში იმყოფება, მესამე კი ხარკივშია და ამ დრომდე აგრძელებს ნამუშევრების შექმნას.” – განაცხადა ნინა ბუღაძემ, გამოფენის კურატორმა.

გამოფენის ორგანიზატორები უკრაინის საელჩო და ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი არიან.

“ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის უჭერს მხარს ასეთ ინიციატივებს და ამჯერადაც დავეხმარეთ, რომ ეს გამოფენა წარდგენილი ყოფილიყო თბილისში.” – განაცხადა ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის თავმჯდომარემ ირაკლი კაჭარავამ.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ქართველი ხელოვანები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

“გული შემტკივა იმ მსხვერპლის გამო, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და აგრესიას მოჰყვა. Აქ ყოფნით ჩვენ გვსურს თანადგომა გამოვხატოთ ყველა უკრაინელის მიმართ. Ძალიან შთამბეჭდავი გამოფენაა.” – განაცხადა ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში მარია ქრისტინა ვან კოლდამმა.

“Ეს შემოქმედება ძალიან ახლოსაა იმ განცდებთან, რაც ახლა უკრაინაში ხდება. მთავარი ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია ხელოვნების გზით გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა უკრაინელთა მიმართ.” – განაცხადა მუსიკოსმა ნინო ქათამაძემ.

Ხელოვანებს იმედი აქვთ, რომ მალე დაუბრუნდებიან სამშობლოს და მათი ნამუშევრები აღარ იქნება ტკივილითა და ტრაგედიით შთაგონებული.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend