ასობით სომეხი პროტესტის ნიშნად ერევნის ქუჩებში გამოვიდა. ისინი მთავრობისგან მოითხოვენ, რომ სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია დაუყოვნებლივ დატოვოს.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების ალიანსი, რომლის წევრობაზეც პირველად 1992 წელს ექვსმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ მოაწერა ხელი, სომხეთს არ იცავს.
“სომხეთი უნდა გამოვიდეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან. ყოველი საბრძოლო მოქმედების დროს ეს ორგანიზაცია სომხეთს მარტო ტოვებს. ჩვენ სხვას ვერაფერს ვხედავთ. ჩვენ ვართ ამ ხელშეკრულების მძევლები. ჩვენ ასე საკუთარ თავდაცვას ვერ განვავითარებთ და თავისუფლებისა და ნორმალური, ცივილიზებული სამყაროსკენ სვლას ვერ შევძლებთ,“ – ამბობს აქციის მონაწილე არამ გევორქიანი.
აქციაზე შეკრებილები ასევე მოითხოვენ მჭიდრო თანამშრომლობას დასავლეთის ქვეყნებთან, რაც ხელს შეუწყობს სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.
„ეს ქვეყნები ჩვენ არ გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენ მათ ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ჩვენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ ვართ დატყვევებული, ეს ორგანიზაცია კისერზე გვაწევს. ასეთ დროს რთულია, მსოფლიოს დახმარება მოსთხოვო. როდესაც ჩვენ ალიანსისა და რუსეთის ბორკილებისგან გავთავისუფლდებით, მერე მთელი მსოფლიო შეძლებს ჩვენს მხარდაჭერას,“ – ამბობს მარგარიტა ველგორიანი.
აქცია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ გაიმართა. პელოსი სომხეთის დედაქალაქ ერევანში კონგრესის დელეგაციასთან ერთად მას შემდეგ ჩავიდა, რაც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ორდღიანი შეტაკება მოხდა. დაპირისპირებას 200 სამხედრო ემსხვერპლა. ნენსი პელოსმა აზერბაიჯანის ბოლო თავდასხმები დაგმო და ქვეყნებს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდა.
2020 წლის ომის შემდეგ ქვეყნებს შორის ეს ყველაზე დიდი შეტაკება იყო. გასულ კვირას მომხდარ თავდასხმაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ.