აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სომხეთის დედაქალაქში 17 სექტემბერს მას შემდეგ ჩავიდა, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
პელოსის თქმით, მოგზაურობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდეც იყო დაგეგმილი. მან აზერბაიჯანული მხარის ქმედებები უკანონოდ შეაფასა.
„შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, რადგან აქცენტი გაკეთდა აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე მიტანილი უკანონო და სასიკვდილო იერიშის შემდეგ. ჩვენ კონგრესის სახელით კატეგორიულად ვგმობთ ამ თავდასხმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საჭირო სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივას“.- განაცხადა ნენსი პელოსიმ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ ვაფასებთ შეერთებული შტატების მკაფიო პოზიციას, რომელიც უკავშირდება ბოლო ესკალაციას და, უფრო ზუსტად, აზერბაიჯანის აგრესიულ ქმედებებს სომხეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, აშშ-ის მკაფიო გზავნილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეტაკებების დროს, სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაბომბეს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია. ერევანმა რუსეთის მიერ ჩამოყალიბებულ ალიანსს – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა რეაგირებისთვის. ხელშეკრულების თანახმად, ორგანიზაციამ სომხეთს საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს, თუმცა სომხეთში ფიქრობენ, რომ მათ დროულად არ იმოქმედეს.
ბაქო და ერევანი წლებია, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში არიან ჩაბმული. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირიც დაიშალა და 1991-1994 წლების ომიც დასრულდა, რეგიონს ეთნიკური სომხური ძალები აკონტროლებდნენ. თითქმის 3 ათწლეულის შემდეგ, 2020 წელს, მორიგი მსხვილმასშტაბიანი დაპირისპირება დაიწყო. კონფლიქტი რუსეთის ჩარევით დასრულდა. 2020 წლის ნოემბრიდან მთიან ყარაბაღს დაახლოებით 2 000 რუსი ეგრეთ წოდებული სამშვიდობოები აკონტროლებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები 2020 წელს საერთაშორისო ჩართულობით დასრულდა, მორიგი შეტაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 13 სექტემბერს განახლდა. ბოლო შეტაკებების შემდეგ, 15 სექტემბერს, ღამით სომხეთის უშიშროების საბჭომ ზავის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
ამ დროისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდეა. მხარეებს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ დაურღვევიათ.