მთავარი საქართველო სახალხო დამცველის არჩევა

სახალხო დამცველის არჩევა

სახალხო დამცველის კანდიდატობის მსურველებს უკვე შეუძლიათ, საკანონმდებლო ორგანოში განაცხადები  შეიტანონ. მათ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაკომპლექტებული 9 წევრისგან შემდგარი კომისია შეაფასებს. იქამდე კი შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენის არჩევის წესსა და პროცედურულ საკითხებზე ოპოზიციის ნაწილთან კონსულტაციებს მართავს. კონსულტაციებში ოპოზიციის ნაწილი არ მონაწილეობს. მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელი“. ისინი ამბობენ, რომ მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატს დაუჭერენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ პროცესში ოპოზიციის მონაწილეობა აუცილებელია.
„არ გვჯერა იმ ფარსი პროცესის, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ წამოიწყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც ამ ცუდი კანონის პირობებში დავეხმარებით „ქართულ ოცნებას“, რომ ავირჩიოთ მისი მორჩილი და ყურმოჭრილი ომბუდსმენი. ამიტომ, ჩვენ რაზეც ვიყავით შეთანხმებულნი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმას გავაკეთებთ. რომ ისინი დაასახელებენ, როგორც ძველი პრაქტიკა იყო, ომბუდსმენის კანდიდატს, გაივლის ამ რაღაც მოგონილ ფილტრს ეს კანდიდატი და „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაუჭერს მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩეულ კანდიდატს მხარს“, – თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.
„ოპოზიციის ჩართვის მნიშვნელობას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ასეთ პროცესში, რომელშიც ახლა ვმონაწილეობთ, დიდად ჩართვას მაინცდამაინც მნიშვნელობა არ აქვს, არც შინაარსი, იმიტომ, რომ არც „ქართული ოცნება“ არ გამოირჩევა იმ სურვილით, რომ შეთანხმება შედგეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფიქროს და მართლა მოუნდეს რაღაცის თქმა, არ მაქვს. არასდროს გადაიფიქროს, მაგრამ ოპოზიციას არ დააბრალოს, მთელი ამ პროცესების ჩაშლა, ოპოზიციის იქ ყოფნა აუცილებელია. და ცუდია, რომ ჩემი ზოგიერთი კოლეგა ამაზე არ ფიქრობს“, – აღნიშნა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ომბუდსმენის არჩევის მათ მიერ შეთავაზებული წესი, პროცესის გამჭვირვალობასა და ღიაობას უწყობს ხელს.
„პროცესი არის ღია და გამჭვირვალე, მართლაც ისტორიული ნაბიჯი გადავდგით. კეთილი ინებონ, საქმიან ვითარებაში გადმოვიდნენ და დაანებონ თავი ასე ჰაერიდან მოტანილ ვარაუდებს თავი. პროცესი არის ღია, გამჭვირვალე, ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენ გადავდგით ძალიან თამამი ნაბიჯი, რომ ქვეყანას ჰყავდეს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახალხო დამცველი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა.
ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. სწორედ ამ დრომდე უნდა მოხდეს ახალი სახალხო დამცველის არჩევა. ომბუდსმენის კანდიდატობის მსურველებს განცხადებების შეტანა 29 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. ახალ სახალხო დამცველს პარლამენტი ამტკიცებს და მას თანამდებობაზე დანიშვნისთვის 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
სახალხო დამცველის პოსტზე უპირატესობა უნდა მიენიჭოს დამოუკიდებელ პერსონას და მისი არჩევის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს – ეს ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა. სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ გადაწყვეტს ევროკავშირი, მიანიჭებს თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

სახალხო დამცველისახალხო დამცველი

Send this to a friend