„ამა ვენაცვალე ჯოო, როგორია, გახედე, კაცო“ – ასე ეფერება გიორგი ღვარძელაშვილი ვენახს.
პატარა ბავშვივით ფერება უყვარს ვენახსო, გიორგი ღვარძელაშვილი ამბობს. ვენახი 2015 წელს თელავში, სოფელ კონდოლში 5 ჰექტარზე გააშენა. თავდაპირველად წელიწადში რვაას ბოთლ ღვინოს აწარმოებდა, ახლა 8 ათასს. გიორგი ბიო ღვინოს აწარმოებს. საკუთარი პროდუქტი ევროპის 7 ქვეყანასა და ამერიკაში გააქვს ექსპორტზე.
„თავიდანვე მიზნად დავისახე, რომ იყოს ხარისხიანი ღვინო, ანუ ბუნებრივი ღვინო, ასოციაცია ბუნებრივი ღვინის წევრი ვარ და ჩემი დევიზია, – ხარისხი, არა რაოდენობა. იმდენად მომხიბლა ამ ნატურალურმა მეღვინეობამ, რომ ყოველდღიურობაა ჩემთვის, ყოველ დღე მიხარია რომ თენდება. ვიცი, რომ ჩემი საყვარელი საქმე უნდა ვაკეთო“ – გვიყვება გიორგი ღვარძელაშვილი
ის ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ხელს უშლის საყვარელი საქმის კეთებაში, კლიმატის ცვლილებაა. გიორგი ღვარძელაშვილის თქმით, ძლიერი სიცხის გამო ვენახები მასიურად ხმება.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით წინანდლის მიკროზონაში, მაგრამ ჩვენ რომ გადავიდეთ სხვა რაიონებში, მათ შორის ქართლისკენ, იმერეთისკენ, იგივე პრობლემაა, მე ვისთანაც კონსულტაცია მაქვს, კავშირი მაქვს მეღვინეებთან, იმავეს ამბობენ, ანუ ფაქტობრივად ვენახები ხმება და ბოლო დაკვირვებით თუ ვინმე აპირებს ახალი ვენახის გაშენებას, აუცილებლად უნდა სარწყავი, წვეთოვანს რომ ვეძახით, აუცილებლად უნდა, თორემ, მის გარეშე თითქმის შეუძლებელია, ისე შეიცვალა კლიმატი“ – ამბობს გიორგი ღვარძელაშვილი
დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, კლიმატის ცვლილება რომ საქართველოშიც პრობლემაა, ამაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულების კოორდინატორი. ჯიმშერ კოშაძის თქმით გლობალური დათბობა გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ მიკროზონებსა და ნიადაგზე.
„არსებობს ტერმინი ნიადაგის დეგრადაცია, გარკვეული პირობების შედეგად ნიადაგი შეიძლება დეგრადირდეს და კლიმატის ცვლილებაც ერთ-ერთი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს ამის. გაზრდილი ცხელი დღეები, გვალვები ნიშნავს, რომ მცენარეული საფარი შეიძლება განადგურდეს“ – აცხადებს ჯიმშერ კოშაძე
გლობალური პრობლემის მიუხედავად, რთველი საქართველოში აქტიურ ფაზაშია. ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, დღიურად კახეთის რეგიონში ათი ათას ტონამდე ყურძენს ამუშავებენ. სააგენტოში ამბობენ, რომ ქართული ღვინის ექსპორტი ევროპის, ბალტიისპირეთის, აზიის ქვეყნებსა და ამერიკაში ყოველწლიურად მზარდია.
„2013-14 წლებიდან ქართული ღვინის ექსპორტი მუდმივად მზარდია, თუმცა ბოლო წლებია შეინიშნება გარკვეული გამოწვევები, რაც პირველ რიგში 2019 წელს იყო კოვიდპანდემიით გამოწვეული, 2020 იყო პირველი წელი, როცა წინა წელთან შედარებით კლება იყო ღვინის ექსპორტში. ამის შემდეგ ძალიან წარმატებული იყო 2021 წელი, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 100 მილიონიან ნიშნულს გასცდა ქართული ღვინის ექსპორტი, თუმცა 2022 წლის დადგომასთან ერთად კვლავ აღინიშნა შეფერხებები, რაც არის გამოწვეული ომით უკრაინასა და რუსეთს შორის“ – ამბობს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა
გლობალური დათბობა ჯერჯერობით ქართულ მევენახეობას მასშტაბურ პრობლემებს ვერ უქმნის, თუმცა ეკოლოგები ამბობენ, რომ თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, წლების შემდეგ პრობლემა ბევრად მწვავე იქნება.