პანდემიამ ყველა ჩვენგანს დაატყო თავისი ხელი, თუმცა სკოლების დახურვა და საყოველთაო კარანტინი ყველაზე რთულად ბავშვებმა გადაიტანეს.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში ისეთი გასართობი ღონისძიება, როგორიც მაგალითად, ე.წ. „გეტოს თამაშებია“, ხელს უწყობს მოზარდებს, რომ ისევ ძველი ცხოვრების წესს დაუბრუნდნენ.
ამ ქუჩის სპორტის განვითარების მიზანი, გარდა იმისა, რომ ის ნამდვილად სასარგებლოა ფიზკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ისიც არის, რომ სოციალურად დაუცველი მოზარდები მიიზიდოს.
„გეტოს თამაშების“ ორგანიზატორი ანტონს სემენიაქსი ამბობს:
“გეტოს თამაშები ახალგაზრდული მოძრაობაა. ეს არის ახალგაზრდებისთვის შექმნილი პლატფორმა, სადაც შეძლებენ, ფიზიკურად და მორალურად განვითარდნენ, სადაც შეუძლიათ, თავისუფალი დრო გაატარონ და სპორტის სხვადასხვა სახეობას დაეუფლონ – იქნება ეს კალათბურთი, ფრენბურთი, ფეხბურთი თუ სხვა რამ. ეს შესანიშნავი ადგილია ახალგაზრდებისთვის!“
მართალია, „გეტოს თამაშები“ ერთი კონკრეტული თემის ინიციატივაა, მაგრამ ის უფრო ფართო ევროპული პროექტის ნაწილიცაა, რომელსაც „რისკის გარეშე“ ეწოდება. ეს პროექტი მრავალი მიმართულებით ეხმარება საზოგადოებას, რათა სპორტი ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესების სამსახურში ჩააყენონ. მაგალითად, ლატვიის სიდიდით მეორე ქალაქ დაუგავპილსში პროექტის „რისკის გარეშე“ ფარგლებში ტრენაჟორები მრავალ ადგილზე განთავსდა.
ამ პროექტის მონაწილე ადმინისტრაციის წარმოამდგენლები ამბობენ, რომ ეს პროექტი დადებიტად აისახება ბავშვების სოციალურ აღზრდაზე.
ეს პროექტი ევროპის რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა. ამ დაფინანსების წყალობით ლატვიასა და ლიეტუვაში 36 ღია და დახურული სპორტული მოედანი გაკეთდა.
ამ დაფინანსების ფარგლებში ბავშვებს უფასო მწვრთნელებიც დაუნიშნეს და შეიძინეს სპორტული ინვენტარი.
ხშირად უბნის ასეთი პროექტები შეუმჩნეველი რჩება. თუმცა როგორც ორგანიზატორები ამბობენ, უბანში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, მით უმეტეს, როდესაც ეს შედარებით ღარიბ უბნებში ხდება, და შემდეგ იქ „გეტოს თამაშების“ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, ახალგაზრდებს სწორ გზაზე აყენებს. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითად აისახება როგორც ახალგაზრდებზე, ისე საზოგადოებაზე.
ავტორი: პოლ ჰაკეტი