მთავარიგადაცემებიQATAR 365კატარის მუსიკალური მემკვიდრეობა და მსოფლიო მუსიკა

კატარის მუსიკალური მემკვიდრეობა და მსოფლიო მუსიკა

კატარს მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობა აქვს, რომელსაც არ ივიწყებს. ჩვენ თვალს გავადევნეთ, თუ როგორ ერწყმის აქ ერთმანეთს კლასიკური, ტრადიციული და ფოკლორული ჟანრი და ქმნის კატარის ახალ მუსიკალურ კულტურას. ჩვენ ასევე მიმოვიხილავთ, სად იკვეტებიან არაბული და დასავლური სიმფონიები, რათა ახალი კულტურათა ნაზავი შექმნან.

კატარის ფილარმონიული ორკესტრი შედგება 100 წევრისაგან, რომლებიც მთელი მსოფლიოდან არიან ჩამოსული. ეს ორკესტრი 2007 წელს შეიქმნა და მისი მიზანია, დიდსა თუ პატარას რეგიონში მუსიკა შეაყვაროს. სწორედ ამიტომ რეგულარულად ასრულებს  კატარის ოპერაში არაბულ და დასავლურ სიმფონიებს.

როდესაც საქმე საუკეთესო სიმფონიების შესრულებას ეხება, სრულყოფილება მხოლოდ ინტენსიური რეპეტიციის შედეგად მიიღწევა.  მოწვეული დირიჟორის დევიდ ნიემანის დამსახურებით კატარის ფილარმონიული ორკესტრი მოწოდების სიმაღლეზე დგას.

დევიდ ნიემანი, დირიჟორი:

„ჩვენ გვყავს არაბი და ევროპელი მუსიკოსები,  მუსიკოსები შორეული აღმოსავლეთიდან და მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან. ამიტომ უაღრესად საინტერესო კულტურათა ნაზავი გამოდის, რის გამოც მათთან მუშაობა ნამდვილი სიამოვნებაა.“

კატარის ორკესტრი უნიკალურია, რაც მხოლოდ მუსიკის შესრულებაში არ გამოიხატება.

რონი მოსერი, კატარის ფილარმონიული ორკესტრის მუსიკოსი:

„ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო არა მხოლოდ ის, რომ უცხოეთში უნდა მეცხოვრა, არამედ ის, რომ ახალი კულტურული პროექტის ნაწილი ვიქნებოდი. როდესაც აქ ჩამოვედით 2008 წლის აგვისტოში, აქ დიდი მრავალფეროვნება დაგვხვდა –  ორკესტრის წევრებს შორის  30-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელი იყო და თითოეულს გარკვეული გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ აქ ყველაფერი თავიდან დავიწყეთ.“

ახალგაზრდა ტალანტები

სიმებიანი, ხის სასულე და დარტყმითი ინსტუმენტების დაკვრის ხელოვნებას ორკესტრში მხოლოდ გამოცდილი მუსიკოსები არ ხვეწენ.  კატარის მუსიკალურ აკადემიაში რამდენიმე ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსია, რომლებსაც სურთ კლასიკური მუსიკის მომავალი თაობის კოჰორტას შეუერთდნენ. 10 წლის მოწაფე გოგონა ში ჰან ლოუ, ერთ-ერთი გამორჩეულია.

„მე ვიოლინოსა და პიანინოზე ვუკრავ. ვიოლინოზე ხუთი წლიდან ვუკრავ, ოთხი წლიდან ვუკრავ იონიკაზე, ხუთი წლიდან კი პიანინოზე. ძალიან მინდა, სოლისტი გავხდე და ახალგაზრდა თაობას კლასიკური მუსიკის დაკვრის სურვილი გავუჩინო,“ – ამბობს გოგონა.

დასავლურ კლასიკურ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის შესწავლის გარდა, რასაც ხშირად კატარის ფილარმონიული ორკესტრის წვერები ასწავლიან, აკადემიაში დიდი აქცენტი კეთდება არაბული დასარტყამი და სიმებიანი მუსიკალური ინსტურმენტების შესწავლაზე.

აჰმედ ალ-ჯაიდა, კატარის  მუსიკალური აკადემიის სტუდენტი:

„ჩემმა მასწავლებელმა, ბატონმა აჰმედმა, მასწავლა, როგორ დავუკრა  უდზე (oud) და ვიყო წარმატებული სტუდენტი. იგი ყოველთვის მამხნევებს და მეუბნება, რომ კარგად გამომდის და რომ უკეთესად შემიძლია. სულ უფრო და უფრო რთულ ნაწარმოებებს მაძლევს, რათა წინ წავიდე.“

კატარის მუსიკალური აკადემიის დირექტორი ზლატან ფაზლიკი:

„ჩვენ სპეციალურად ვასწავლით ადგილობრივი კომპოზიტორების ნაწარმოებებს და ჩვენი ორი წამყვანი ანსამბლი ასრულებს დასავლური და არაბული ინსტრუმენტებისთვის შექმნილ მუსიკას. ჩვენ გვემაყება, რომ აღმოსავლური და დასავლური ხელოვნების ასეთი ნაზავის წარმოდგენა შეგვიძლია.“

ტრადიციული კატარული მუსიკა და ფართო აუდიტორია

ნასერ საჰიმ ალ-ჯასიმი მრავალმხრივ ნიჭიერი მუსიკოსია, არის კომპოზიტორიც და მომღერალიც, ასევე კატარის ფილარმონიული ორკესტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. იგი მიხსნის, რომ ბოლო პროექტის ფარგლებში იკისრეს მისია, კატარის ფოლკლორული სიმღერები, რომლებსაც ხშირად იალქნიან ნავებზე მღეროდნენ, ფართო აუდიტორიამდე მიიტანონ.

ნასერ საჰიმ ალ-ჯასიმი:

„ეს ჯერ კიდევ ბაბუაჩემმა დაიწყო, რომელმაც თავის მოვალეობად ჩათვალა კატარში მუსიკის განვითარება მეოცე საუკუნის დასაწყისში. ეს მოავალეობა ბაბუამ გადასცა ბიძაჩემს, რომელმაც 1960-იან წლებში იმუშავა კატარული მუსიკისა და სიმღერების  განვითარებაზე. მან კი ეს საქმე  მე გადმომილოცა. და მეც მთელი სერიოზულობით მოვკიდე საქმეს ხელი. და აი, ამას ვაკეთებ ახლა, ხელს ვუწყობ კატარის მუსიკის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.“

ნასერი განმარტავს, რომ კატარულ ფოკლორში ორი სხვადასხვა მიმართულებაა:  ე.წ. ზღვის სიმღერები და ზაფხულის სიმღერები, რომლებსაც ხალხი  ნავში თხზავდა, რათა ერთად შრომა გაადვილებოდათ.

ნასერ საჰიმ ალ-ჯასიმი:

„ისინი ერთად, გუნდურად მღეროდნენ, შემდეგ სოლისტი ხმამაღლა იწყებდა სიმღერას. ეს მშვენიერი და ძალიან რთული რიტმია. წარსულში არავინ სწავლობდა მუსიკას, ხალხის ძირითადი საქმიანობა იყო ყვინთვა, მუსიკა კი მხოლოდ გართობად ითვლებოდა. ამით თავის გრძნობებს გადმოსცემდნენ. ახლა კი ჩვენი მოვალეობაა, რომ ჩავიწეროთ ყველა სიმღერა და გამოვიკვლიოთ, ღრმად უნდა გავაანალიზოთ ყველა მუსიკალური ნაწარმოები თეორიულად და მომავალ თაობებს გადავცეთ. ძალიან მდიდარი მემკვიდრეობა გვაქვს.“

კატარის მუსიკას მდიდარი ტრადიცია აქვს. მაგრამ ნებისმიერი ხალხური მუსიკის პრობლემა ის არის, რომ არ დაიკარგოს და ყველა თაობისთვის ახლობელი იყოს.  კატარის ტრადიციული მუსიკის შენარჩუნების კუთხითაც ბევრი რამ კეთდება. თუმცა მცირე ცვლილებით.

კატარის სტუდიაში ძველი ჰანგები ცოცხლდება. კატარელი მომღერალი ანვარი  ამ რეგიონის მშობლიურ ხალხურ სიმღერას ასრულებს…თუმცა  ცოტა თანამედროვედ.

ანვარი:

„მომღერლები ძველ სიმღერებს ასრულებენ, რომ ეს სიმღერები არ დაიკარგოს და არ გაქრეს. ძველი სიმღერები წინაპრებმა შექმნეს, ამიტომ ჩვენ უნდა გავათანამედროვოთ და გავაგრძელოთ მათი შესრულება, რადგან მართლა ლამაზი სიმღერებია.“

კომპოზიტორი ფაიზალ ალ-თამიმი ბოლო სამი წლის განმავლობაში   მუშაობდა პროექტზე, რომელიც ხალხური მუსიკის გლობალურ აუდიტორიამდე მიტანას ემსახურება. მას  შესაძლებლობა მიეცა,  რომ სპარსეთის ყურის მუსიკის ელექტრონულ და ჯაზმუსიკასთან შერევის სიყვარული ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო სულ ახლახან გამართულ ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრაზე, რომელიც მთელ მსოფლიოში გადაიცა.

ფაიზალ ალ-თამიმი, კომპოზიტორი:

„მუსიკა საყოველთაო ენაა – მე გავაერთიანე კატარული, ამერიკული და იაპონური მუსიკა იმ ერთ ენაზე, რომელიც ყველა ხალხს ესმის. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ კატარში ელექტრონული მუსიკის შემოტანა დაასუსტებს კატარის თვითმყოფადობას, მაგრამ მე კატეგორიულად არ ვეთანხმები – ორივე მიმდინარეობა ავსებს ერთმანეთს. მუსიკა ადამიანური საწყისია და ამ საწყისის მეშვეობით ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან, თუნდაც კილომეტრები აშორებდეთ.“

ალ თამიმს სჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატ „კატარი 2022-ის“ გავლენა  სცდება ფეხბურთის სფეროს.

ფაიზალ ალ-თამიმი:

„ჩვენთვის, მუსიკოსებისათვის, მსოფლიო ჩემპიონატი საუკეთესო საშუალებაა, რათა ყველას დავანახოთ, რომ ძველი ცივილიზაცია ვართ და დიდი ისტორია გვაქვს. ჩვენი ისტორიის წარმოჩენა ყველაზე კარგად ტრადიციულ ხელოვნებას შეუძლია, რადგან იგი ისტორიის სათავეებზე მოგვითხრობს. ამიტომ მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა – კატარი, რომელიც ადრე არ იყო ცნობილი, ახლა ცნობილია თავისი სოციალური და კულტურული ცხოვრებით – ეს ყველაფერი კი მჭიდრო კავშირშია მუსიკასთან“.

ავტორი: მირანდა ატი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend