მთავარისაქართველოომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადების მიღება პარლამენტში დღეიდან დაიწყო

ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადების მიღება პარლამენტში დღეიდან დაიწყო

ახალი სახალხო დამცველის არჩევისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება უკვე შევიდა. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანებაში, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 14 სექტემბერს გამოაქვეყნა, წერია რომ – „2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის კანდიდატურის წარდგენის“ წესი“ დამტკიცდა.

15 სექტემბრიდან კი ომბუდსმენობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა განცხადებების მიღება დაიწყო.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პროცესი იმდენად გამჭვირვალეა, რომ მსოფლიოში ბადალიც კი შეიძლება არ ჰყავდეს. ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკულ განცხადებებს კი, ოპონენტების მორიგ დესტრუქციულ ქმედებად მიიჩნევს.

“პრაქტიკულად სრული კონსენსუსით შევთანხმდით  წესებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პროცედურები ჩატარდება. ეს გულისხმობს შეფასების, შერჩევის პროცესს პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, კონსულტაციებს და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, გამოცადოს საკუთარი შესაძლებლობა, რომ გახდეს სახალხო დამცველი, შესაძლებლობა ექნება, პროცესში მონაწილეობა მიიღოს. ყველას მიმართ ჩემი მოწოდებაა, ვინც მიიჩნევს, რომ შეუძლია, იყოს საქართველოს სახალხო დამცველი, წარმოადგინოს განაცხადი და გაიაროს პროცედურები, რომლის მეშვეობითაც მოხდება შეფასება და შემდგომ კანდიდატთა შერჩევა. დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ ყველაზე მეტად ოპტიმალური კანდიდატის არჩევას. წესი, რომელიც ამოქმედდა გავბედავ და ვიტყვი, რომ შესაძლოა უპრეცედენტო იყოს მსოფლიოში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების დიდი ნაწილის აზრით, სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილება მმართველმა პარტია ერთპიროვნულად მიიღო და ასეთივე მიდგომით აპირებს საკუთარი კანდიდატის გაყვანას. თუმცა, პროცესში პირდაპირ ან ირიბად, მაინც იღებენ მონაწილეობას.

“არცერთ ეტაპზე ამ პროცესისთვის მხარი არ დაგვიჭერია, რადგან ვფიქრობთ, რომ ფსევდო-დემოკრატიული, ფსევდო-გამჭვირვალე და ფსევდო-ინკლუზიური პროცესია. უფრო გამჭვირვალე როგორ არის პროცესი, როცა ოპოზიციას საერთო კანდიდატზე შეთანხმების უფლებაც არ აქვს, ვალდებულებაა, რომ მინიმუმ 7 დავასახელოთ, რომ იქ “ქართულმა ოცნებამ” ფსევდო-ოპოზიციის დასახელებული თავის კანდიდატი გააძვრინოს და აირჩიოს საბოლოოდ მისი ყურმოჭრილი მონა”,- განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას აზრით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების სურვილიც კი ილუზიაა და საპარლამენტო ოპოზიციას ბოიკოტისკენ მოუწოდებს.

„სამწუხაროდ, ივანიშვილის რეჟიმი გაცდენილია ზღვარს, როდესაც თუნდაც ძალიან მიუღებელ ხელისუფლებასთან ოპოზიცია უნდა ცდილობდეს რაღაც გზების გამონახვას. ამ ტიპის ურთიერთობის დროს ყველა ვითარებას იყენებენ საკუთარი ძალის, ან ოპოზიციის უძალობის სადემონსტრაციოდ. ვეჭვობ, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხზეც იგივე სურათს მივიღებთ, ამიტომ საპარლამენტო ოპოზიციისგან გამოვა თავის მოტყუება, რაც არაერთხელ უქნიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლელოს“, ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს რაღაც ბრძოლა მიდის და შემდეგ ისევ კრახით დამთავრდება ეს ყველაფერი. გაუგებარი კომპრომისის მიღწევის შემთხვევაშიც კი ორთქლის გამოშვება ხდება, როდესაც რეალურად ჩვენი ქვეყნის მომავალი ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნების პირობებში არის კატასტროფული. ამიტომ, სკეპტიკურად ვუყურებ ამ და სხვა პროცესებს, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია ცდილობს იმიტაციას, ან გამოჩენას თითქოს რაღაცას აკეთებენ, რეალურად ამის ეფექტი არის ნულოვანი, მინუსიანი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის მიხედვით, ომბუდსმენის თანამდებობით დაინტერესებულ პირთა განაცხადები პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით მიიღება. დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზეა განთავსებული, დეტალურადაა ჩამოთვლილი ის კრიტერიუმები და საჭირო ინფორმაცია, რაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად, პირმა უნდა დააკმაყოფილოს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend