სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის განმავლობაში პირველად, არ მოაწერა ხელი კანონს და მის ნაცვლად ეს გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველოს კონსტიტუცია ამას ითვალისწინებს, თუმცა ეს ბოლო წლებში საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველი ასეთი პრეცედენტია. საუბარია ფარული მოსმენა-მიყურადების თაობაზე დაჩქარებული წესით მიღებულ კანონზე. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არ არსებობს სამართლებრივი რაიმე არგუმენტი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებას ხელს შეუშლიდა.
„ისევე, როგორც პრეზიდენტის ვეტოში, ვენეციის კომისიამაც ვერ დაადგინა წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან. ცვლილების პროექტი ინიცირებული იყო 2022 წლის 13 აპრილს. ინიციატორებს არ მოუთხოვიათ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, შესაბამისად, მისი განხილვა მიმდინარეობდა სტანდარტული წესით. უფრო მეტიც, პროექტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის და ჩვენი პარტნიორების თხოვნით, განხილვის პროცესი სამი კვირით გახანგრძლივდა. საბოლოოდ, პარლამენტმა კანონი ინიცირებიდან 2 თვეში, ხოლო ვეტოს დაძლევის გათვალისწინებით, 5 თვეში მიიღო, რაც ყველაფერია, გარდა სიჩქარისა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, პარლამენტმა არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და არც ვენეციის კომისიის დასკვნა არ გაითვალისწინა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში საუბარი მხოლოდ იმაზე არ ყოფილა, რომ პარლამენტმა პროექტი ნაჩქარევად მიიღო.
„იმავე პოზიციაზე ვრჩებით, რაზეც თავიდან ვიყავით, პარლამენტმა არ გაითვალისწინა არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, არც ვენეციის კომისიის დასკვნა, ალოგიკური იქნებოდა ჩვენი მხრიდან აღნიშნულ კანონზე ხელის მოწერა. შესაბამისად, როგორც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, როცა პრეზიდენტი არ აწერს კანონს ხელს, 5 დღის მერე აწერს პარლამენტის თავმჯდომარე და კანონი შედის ძალაში. პოლიტიკური ვეტო არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ სურვილი გვქონდა და დავადეთ. პრეზიდენტმა დაინახა გარკვეული საფრთხეები და ამიტომ დაადო ვეტო, ეს იგულისხმებოდა პოლიტიკურ ვეტოში“, – აღნიშნა პარლამენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავინ არ ეთანხმება. მათი თქმით, „ქართული ოცნება“ ამ კანონთან მარტო დარჩა.
„მიმაჩნია, რომ სწორია პრეზიდენტის საქციელი, რომ მან არ მოაწერა ხელი ამ მახინჯ კანონს და ამიტომ მოუწია პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საკუთარი გვარი დაეფიქსირებინა ამ კანონზე, როგორც ხელმომწერის. ეს მისი პრობლემაა და ძალიან ცუდია, რომ ამ ერთპარტიულ კანონზე, რომელსაც არავინ არ ეთანხმება, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ და ყველა მიიჩნევს, რომ ეს არადემოკრატიული კანონია, ქართული ოცნება მარტო დარჩა ამ კანონთან დაკავშირები, შესაბამისად, მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და ეს არის შალვა პაპუაშვილის ხელმოწერა“, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო 22 ივნისს დაადო. მან ეს გადაწყვეტილება არაერთხელ განამრტა და ამბობდა, რომ ეს სამართლებრივზე მეტად, პოლიტიკური ვეტო იყო. ე.წ. მოსმენების კანონს ადგილობრივი არასამთავრობოები და საერთაშორისო პარტნიორებიც არაერთეხლ გამოეხმაურნენ. მიუხედავად კრიტიკისა, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და პარლამენტის პირველ საშემოდგო პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს საშუალებას მისცემს მოუსმინოს უფრო მეტ მოქალაქეს უფრო მარტივად.
ანა ალელიშვილი