მთავარისაქართველო"ქართული ოცნება" საზოგადოებას 2024 წლიდან არჩევნებს ელექტრონული წესით სთავაზობს

“ქართული ოცნება” საზოგადოებას 2024 წლიდან არჩევნებს ელექტრონული წესით სთავაზობს

“ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება საზოგადოებას, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამცნო. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, 13 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 2024 წლიდან საქართველოში არჩევნები ელექტრონული სისტემებით ჩატარდება.

„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, ამით ქვეყანაში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული სპეკულაციები დასრულდება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთი სისტემები საარჩევნო უბნების 70%-ზე დაინერგება. მას არაფერი უთქვამს, როგორ შეძლებენ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას – ელექტრონული თუ ძველი წესით.

„სამუშაო ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში შემუშავდება კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, არსებითად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და სამუშაო ჯგუფში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით განხილულ თემებს დაეფუძნება. ჩვენი გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება. ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის მმართველი პარტიის მთავარი ოპონენტები მიესალმებიან ელექტრონული არჩევნების დანერგვის წესს.

თუმცა, ოპოზიცია ითხოვს, რომ ეს წესი საარჩევნო უბნების 100%-ზე გავრცელდეს. ოპოზიციონერი ლიდერები შიშობენ, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნების 30%-ს, განსაკუთრებით მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე, სწორედ გაყალბებისთვის გამოიყენებს.

„სადაც ყველაზე მეტად აყალბებდნენ, იმ უბნებს ისე იტოვებენ, როგორც არის. ამ თაღლითობაზე ვამბობ, რომ ელექტრონული სისტემა ასევე პროცენტში უნდა იყოს. თუ ვინმე მეტყვის, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, ის არის ჩვეულებრივი მატყუარა და თაღლითი. ამ თაღლითობაში მათ არ გავყვებით. ირაკლი კობახიძეს ვეუბნები, საარჩევნო უბნების არა 70, არამედ 100 პროცენტი აღჭურვოს. ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნინოწმინდაზე რომ მეტყვის, რაიონული ცენტრი არ არის და აპარატურას არ აყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა, ნინოწმინდაში არჩევნები გააყალბოს. გოგაშვილის ფაილებში ხომ ნახეთ, 2018 წლის არჩევნებში რითი გაძვრნენ? – ნინოწმინდითახალქალაქითგარდაბნითდმანისით, აჭარის მაღალმთიანით, სადაც არჩევნები უბრალოდ კი არ გააყალბეს, ტოტალურად გააყალბეს და ოქმები გადაწერეს. ჯერ პატარა რაიონები დაფაროს და შემდეგ – თბილისი, რადგან დედაქალაქში გაყალბების მექანიზმი უფრო ნაკლებია, ვიდრე ნინოწმინდაში. კობახიძე ნინოწმინდის ხმებით ყველა არჩევნებში გვიბალანსებს და ამ თაღლითობას ვერ მიიღებს და ვერავინ გაუპრავებს“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად და რეფორმის განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია.

მმართველი პარტია ირწმუნება, რომ კანონპროექტების პაკეტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიმუშავებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend