მთავარიევროპაუკრაინა“ევრონიუსი” უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ესაუბრა

“ევრონიუსი” უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ესაუბრა

„ევრონიუსი“ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს და ვერხოვნა რადის დეპუტატს, პეტრო პოროშენკოს ესაუბრა. უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა თავისი სახელმწიფოს წარმატებულ შეტევაზე, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, უკრაინის ომის ეკონომიკურ განზომილებაზე და საბრძოლო მოქმედებების დინამიკაზე ისაუბრა.

ჰელენა ჰამფრი, ევრონიუსი:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ხარკივის ოლქში უკრაინული შეტევის საპასუხოდ მოსკოვი ცდილობს, უკრაინის მოქალაქეები აღმოსავლეთ რეგიონებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე დატოვოს. უკრაინის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მათ ხარკივის ოლქში 3 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნეს, საპასუხოდ რუსული მხარე კი აცხადებს, რომ მოსკოვი ჯარების გადაჯგუფებას ცდილობს. კიევიდან ჩვენ შემოგვიერთდება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, დიდი მადლობა, რომ დროს გვითმობთ.

პეტრო პოროშენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი:

დიდი მადლობა ეთერში მოწვევისათვის.

ჰელენა ჰამფრი, ევრონიუსი:

ჩვენ ყველანი მოწმე გავხდით აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე უკრაინული არმიის წარმატებისა. როგორ აფასებთ თქვენ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას? შეძლებთ თუ არა ამ ტერიტორიების შენარჩუნებას, როდესაც მოსკოვი საკუთარი ჯარების გადაჯგუფებაზე საუბრობს?

პეტრო პოროშენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი:

ეს შეტევა შესაძლებელი რამდენიმე ფაქტორის გამო გახდა. 2014 წლიდან, მაშინ, როდესაც მე ჯერ კიდევ უკრაინის პრეზიდენტი და მთავარსარდალი ვიყავი, საფუძველი ჩავუყარეთ უკრაინის ახალ, ნატოს სტანდარტების მქონე არმიას. ეს თამაში არ არის, ეს ნამდვილი ომია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ევროპაში და შესაძლოა მთელ მსოფლიოში. წარმატებული შეტევა უკრაინელი სამხედროების სიმამაცისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარების შედეგია. სიმამაცისა და პროფესიონალიზმის, უკრაინელი ერისა და მოხალისეების პატრიოტიზმის გარეშე, დასავლური შეიარაღების გარეშე, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის კონტრშეტევა, ეს არის კონტროპერაცია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ 24 თებერვლის შემდეგ ყველაზე მეტ სამხედროს მოვუყარეთ თავი. მართალი ბრძანდებით, დავიბრუნეთ 3 ათას კილომეტრზე მეტი ტერიტორია და შეტევა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი მალევე შეეცადა რეზერვების მობილიზაციას და ჯარების რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადმოყვანას. ჩვენ არ გავჩერდებით, შეტევითი სამხედრო ოპერაცია კიდევ სულ მცირე რამდენიმე დღეს გასტანს და ამავე დროს შესანიშნავად მიდის ჩვენი შეტევა სამხრეთის ფრონტის ხაზზეც. ჩვენ რუსეთის ყურადღება სამხრეთის ფრონტის ხაზისკენ მივმართეთ, დასავლური შეიარაღებით მოვსპეთ რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა, სამხედრო საცავები და სამხედროები. ეფექტი ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ იგრძნობა, მე ვამაყობ, რომ ჩვენ შევძელით, დაგვემტკიცებინა, რომ პუტინისა და რუსული არმიის ტაქტიკა უკრაინაში აღარ ჭრის. ეს გახლავთ ჩვენი მომავალი გამარჯვების მნიშვნელოვანი სიმბოლო და ეს მთელი მსოფლიოს გამარჯვებაა. ეს არის ევროპის გამარჯვება. მე მახსოვს, რომ რუსეთის წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ 2014 წლის გამეორება შეეძლოთ. უკრაინული არმიის პასუხის ფონზე კი აშკარაა, რომ რუსული მხარე უფრო რაციონალურად უყურებს არსებულ ვითარებას.

ჰელენა ჰამფრი, ევრონიუსი:

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ისაუბრეთ აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე შეტევის შესახებ, თუ გაქვთ ინფორმაცია დეოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ადგილზე არსებული ვითარების შესახებ, რა ბედი ეწიათ იქ მყოფ სამოქალაქო პირებს ოკუპაციის პირობებში?

პეტრო პოროშენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი:

ადგილზე ზუსტად იგივე სურათი დაგვხვდა, როგორიც ბუჩაში, ბოროდიანკაში, რუბიჟნეში, პოპასნაში, მარიუპოლში. რუსი ბარბაროსია. რუსი სამხედრო დამნაშავეა. მთელმა მსოფლიომ იხილა, თუ როგორ ხვდება დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა უკრაინელ სამხედროებს. მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვიყავი ადგილზე და ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი, ისევე, როგორც ჩერნობილის ტერიტორიაზე, ირპინსა და ბუჩაში. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსი ოკუპანტია. რუსები სამხედრო დამნაშავეები არიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ტერიტორია სრულად იქნება დეოკუპირებული. ჩვენ ყველა ღონეს ვიყენებთ. პუტინის სამიზნე მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილია, როდესაც მოსახლეობა ხედავს, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ილუზიები რუსეთთან დაკავშირებით აღარავის აქვს.

ჰელენა ჰამფრი, ევრონიუსი:

რუსული არმია უკან იხევს, მოვლენებს არ მინდა წინ გავუსწრო, მაგრამ მაინც გკითხავთ, რა არის საჭირო, რომ  მშვიდობა დამყარდეს?

პეტრო პოროშენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი:

ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს თამაში არ არის, ეს კატასტროფული ომია. უკრაინა დიდ ფასს იხდის. ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე კომპრომისი შეუძლებელია, პუტინს ჩვენი დახოცვა სურს, ჩვენ კი სიცოცხლე გვწყურია, არც მეტი არც ნაკლები. ამის გათვალისწინებით თუ ჩვენ მომავალ გარანტიებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია უკრაინის ტერიტორიის სრული დეოკუპაცია, აუცილებელია რუსეთის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა, ვინაიდან უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები არ სჭირდება, ჩვენ მხოლოდ ნატოს მეხუთე მუხლი გვესაჭიროება, აუცილებელია უკრაინისათვის გაწევრების სამოქმედო გეგმის შეთავაზება, აუცილებელია ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საჭიროა ევროპის დეპუტინიზაცია, მსოფლიოს დეპუტინიზაცია და რუსეთის დეპუტინიზაცია. მსოფლიო პუტინთან ერთად უსაფრთხო ვერ იქნება და შესაძლებელია მსოფლიო იყოს უსაფრთხო პუტინის გარეშე.

ჰელენა ჰამფრი, ევრონიუსი:

რაც შეეხება დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერას, ევროპაში ენერგორესურსების თვალსაზრისით, კრიზისია, რუსეთმა ენერგორესურსების  მიწოდება შეაჩერა, გჯერათ, რომ დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას? წინ ცივი ზამთარია. თქვენი აზრით, რა ალტერნატივა აქვს ევროპას? შეძლებს ევროპა ახალი მიმწოდებლის მოძებნას ზამთრის დადგომამდე?

პეტრო პოროშენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი:

დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ეს ომი ზუსტად 200 დღის წინ დაიწყო, თებერვალში, ზამთარში. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მე ვენდობი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ვინაიდან  დასავლეთში სულ უფრო მეტი ადამიანი და არა მარტო ხელისუფლების წარმომადგენელი, დეპუტატი ან თუნდაც მთავრობის მეთაური, არამედ ხალხი აცნობიერებს, რომ ეს უკრაინის დახმარება არ არის, არამედ ეს არის ევროპული სახელმწიფოს ინვესტიცია საკუთარ უსაფრთხოებაში. თუ პუტინს უკრაინაში ვერ შევაჩერებთ, ხვალ პუტინი მათ სამშობლოში ესტუმრება. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება. ეჭვი არ მეპარება,  რომ კვლავ გვექნება ფინანსური მხარდაჭერა. უკრაინის მიზანი მარტივი და ნათელია, ჩვენ მსოფლიოს გადარჩენას ვცდილობთ. ჩვენი პოზიცია შემდეგია: დაგვეხმარეთ, რომ გადაგარჩინოთ. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ. ამ ლოგიკას ეყრდნობა გადაწყვეტილება უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ, თანამედროვე შეიარაღების, სამხედრო ხომალდების, ანტისაჰაერო შეიარაღების მიწოდების შესახებ, რაც, თავის მხრივ, უკრაინული არმიის შესაძლებლობებს ზრდის. მე სულ ახლახან დავბრუნდი ხერსონის ოლქიდან, ცა რუსული სამხედრო ხომალდებით არის სავსე. მათ გაცილებით მეტი სამხედრო ხომალდი და პილოტი ჰყავთ. რუსების საარტილერიო შეიარაღებაც ათჯერ აღემატება ჩვენსას. უკრაინული არმია კი ნატოს შეიარაღებით, ნატოს ჰაუბიცებით და სხვა სამხედრო შეიარაღებით გაცილებით უფრო ზუსტი და მომაკვდინებელია, განსაკუთრებით ჰაიმარსის სისტემები დიდ სიშორეზე. გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, ეს იქნება არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი ევროპის, მსოფლიოს გამარჯვება.

ჰელენა ჰამფრი, ევრონიუსი:

თქვენ თქვით, რომ უკრაინაში ინტერვენცია ზამთარში დაიწყო, მაგრამ მაშინ ევროპის სახელმწიფოები რუსულ ბუნებრივ აირს მოიხმარდნენ და მასზე დამოკიდებული იყვნენ, რა ალტერნატივა აქვს ევროპას ახლა, რას მოიხმარს ევროპა რუსული გაზის ნაცვლად?

პეტრო პოროშენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი:

უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა საერთო ენა იპოვონ, შეთანხმდნენ, რომ პუტინი ენერგორესურსებს იარაღად იყენებს. რუსული ბუნებრივი აირი პუტინის ხელში იარაღია. რუსული ნავთობი პუტინის იარაღია. რუსული ელექტროენერგია, მათ შორის ატომური, პუტინის იარაღია. პუტინი არა მარტო აშანტაჟებს  მსოფლიოს ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით,  რომელიც ჩერნობილის სადგურზე 10-ჯერ უფრო დიდია, არამედ უთიშავს ევროპას ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ელექტროენერგიის მიწოდებას. რაც უფრო მალე გათავისუფლდება ევროპა რუსული ბუნებრივი აირისგან, რუსული ნავთობისგან, მით უკეთესი, ვინაიდან, რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირს უკან რუსული ტანკები მოჰყვება. მე მსურს, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. 2015 წელს, როდესაც პრეზიდენტი ვიყავი,  მე შევწყვიტე რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა, შევწყვიტე რუსული ელექტროენერგიის შესყიდვა და ამით აღვკვეთეთ რუსული მხარის შანტაჟი, ასევე მათი ბრალდებები, რომ თითქოს ჩვენ მათ ბუნებრვ აირს ვიპარავდით, აღვკვეთეთ მათი განცხადებებიც, რომ უკრაინა სანდო პარტნიორი არ არის, ამ გზით ჩვენ 2015 წელს გავაჩერეთ ეს ყალბი რუსული პროპაგანდა. ისწავლეთ ჩვენგან, რუსული ბუნებრივი აირის გარეშე მცირე ხნით გადასახადები გაიზრდება, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინვესტიცია ევროპულ უსაფრთხოებაში, ევროპის კონკურენტუნარიანობაში მაშინ, როდესაც ჩვენ ვიპოვით ბუნებრივი აირისა და ნავთობის სხვა მიმწოდებელ სახელმწიფოს, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, ნორვეგია, ჩრდილოეთი აფრიკა თუ სხვა, მთელი მსოფლიოს კარი ღიაა ჩვენთვის.

ჰელენა ჰამფრი, ევრონიუსი:

ჩვენ ვესაუბრეთ კიევში მყოფ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, დიდი მადლობა!

პეტრო პოროშენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი:

დიდი მადლობა !

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend