მთავარი ევროპა უკრაინა ვითარება უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე

ვითარება უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე

უკრაინის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთმა რამდენიმე სარაკეტო დარტყმით გაანადგურა ორი ელექტროსადგური,  რის გამოც ქვეყნის აღმოსავლეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა.

ელექტროენერგიის გათიშვა შეეხო დაახლოებით 9 მილიონ ადამიანს სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ხარკივისა და დონეცკის რეგიონებში.

პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთს ტერორიზმსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ისინი სამხედრო ობიექტებს კი არ უმიზნებენ,  არამედ ცდილობენ, მოსახლეობა ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვონ.

უკრაინელები აცხადებენ, რომ ეს სარაკეტო დარტყმები მათი დრამატული კონტრშეტევის საპასუხო რეაქციაა. მათი თქმით, კონტრეშეტევის დაწყებიდან უკრაინელებმა დაიბრუნეს 3000 კვადრატული კილომეტრი მიწის ფართობი. უკრაინული შენაერთები გარკვეულ ადგილებში რუსეთის საზღვრიდან 50 კილომეტრში იმყოფებიან.

ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინელთა კონტრშეტევის დაწყების შემდეგ ხარკივის რეგიონიდან რუსეთში ათასობით ადამიანი გადავიდა.  ამჟამად დროებითი განთავსების  27 ცენტრში 1342 ადამიანია. გუბერნატორის თქმით, ისინი ემზადებიან, სხვა რეგიონებში კიდევ გაგზავნონ 500, 200 და 50-კაციანი ჯგუფები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ უქმეებზე ხარკივიდან მათი შენაერთები სამხრეთით, დონეცკის რეგიონში, გადავიდნენ.

რუკაზე ჩანს, რომ რუსეთის არმია ხარკივის რეგიონიდან უკან იხევს.

ამავდროულად, უკრაინის პროკურატურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გათავისუფლებულ სოფლებსა და დასახლებებში სამხედრო დანაშაულის ფაქტებია აღმოჩენილი. მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალების საქმეს პოლიცია იძიებს, ის ასევე წამების შესაძლო შემთხვევებზეც საუბრობს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend