მთავარისაქართველოწინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

მხურვალე ოვაციებით დასრულდა წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მეოთხე სეზონი.

მხურვალე ოვაციები წინანდლის მამულში მთელი კვირის განმავლობაში ისმოდა. 11 დღე გრძელდებოდა მუსიკის დღესასწაული და სცენაზე საგულდაგულოდ შერჩეული რეპერტუარით, 20-ზე მეტი სახელგანთქმული მუსიკოსი წარდგა. სცენაზე კიდევ ერთხელ გამოვიდა პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრიც, რომელიც მუსიკოსებს რეგიონის 6 ქვეყნიდან აერთიანებს.

ფესტივალის თანადამფუძნებელი, მარტინ ენგსტროემი ამბობს, რომ წინანდალში წელს განსაკუთრებით ბევრი სტუმარი ჩამოვიდა.

“წელს ძალიან კარგი გამოშვება იყო. ბევრად მეტი ადამიანი დაესწრო, ეს სასიამოვნოა. თუ ადრე ძირითადად უქმეებზე ჩამოდიოდნენ, ახლა მთელი კვირის განმავლობაში იყო აქტიურობა. არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ მეორედ ვატარებთ სრულფასოვან ფესტივალს 2019 წლის შემდეგ, 2020 და 2021 რთული იყო, პანკავკასიური ორკესტრიც არ გვყავდა, ახლა კი მეორედ დაუკრეს, ვფიქრობ მსოფლიოს ამ ნაწილში მართლაც რაღაც ლამაზს ვაშენებთ. ველი, რომ ფესტივალზე ინფორმაცია უფრო გავრცელდება და, შესაბამისად, კიდევ მეტი უცხოელი აღმოაჩენს საქართველოს, წინანდალს… ჩვენ ვცდილობთ მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსები შევარჩიოთ ფესტივალისთვის, ისეთებიც, რომლებიც საქართველოში არასდროს ყოფილან, ერთ-ერთი მიზანი ესეცაა, საზოგადოებას მიეცეს საშუალება, მოუსმინოს წამყვან მუსიკოსებს. იმის თქმაც მინდა, რომ, მაგალითად, დღეს დილით, ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი მუსიკოსებიც წარვუდგინეთ საზოგადოებას”, — განაცხადა ფესტივალის თანადამფუძნებელმა მარტინ ენგსტროემმა.

მართლაც, ფესტივალის ბოლო დღე, ლიზა ბათიაშვილის ფონდთან თანამშრომლობით, ახალგაზრდა ქართველმა პიანისტებმა, გიორგი გიგაშვილმა და სანდრო ნებიერიძემ გახსნეს. მათ იგორ სტრავინსკის კურთხეული გაზაფხული და მორის რაველის ვალსი შეასრულეს.

“ძალიან შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ ჩვენც, ჩვენთვისაც პირველი იყო ასეთი პროფესიონალური დაკვრა და ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი პუბლიკა გვყავდა”, — ამბობს პიანისტი გიორგი გიგაშვილი.

“მგონია, რომ ძალიან მძაფრი და პოზიტიური ემოციებით დატვირთულები წამოვედით ჩვენც და მსმენელიც”, — აცხადებს პიანისტი სანდრო ნებიერიძე.

ფესტივალის მესვეურები კი უკვე იწყებენ მომდევნო წლის პროგრამაზე მუშაობას.

“დღეს სრულდება მეოთხე სეზონი და პირდაპირ, დღეიდანვე იწყება მომავალი წლის სეზონისთვის მზადება, რომელიც, სავარაუდოდ, 1 სექტემბერს დაიწყება და 10 დღე გაგრძელდება. შემდეგი წელი გვექნება საიუბილეო, საინტერესო, დიდი ვარსკვლავებით… უკვე ვიცით, რომ დაახლოებით 20-მდე კონცერტი იქნება და კიდევ ბევრი რამ. ეს დაგეგმარება პარალელურად მიმდინარეობს. მეტსაც გეტყვით, უკვე ნაწილობრივ 2024 წელსაც ვგეგმავთ”, — ამბობს ფესტივალის გენერალური დირექტორი დავით საყვარელიძე.

წლევანდელი ფესტივალი 11 სექტემბერს დახურეს მევიოლინე ვილდე ფრანგმა, დირიჟორმა ვასილი პეტრენკომ და პანკავკასიურმა ახალგაზრდულმა  ორკესტრმა, რომელიც სწორედ წინანდალში დაფუძნდა,  ერთიანობისა და თანადგომის იდეით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend