მთავარისაქართველოსექსუალური შევიწროების ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა ქალმა “საფარის” მიმართა

სექსუალური შევიწროების ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა ქალმა “საფარის” მიმართა

2022 წლის 23 აგვისტოს ქალთა უფლებათა დამცველ ორგანიზაცია „საფარის“ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა ქალმა მიმართა. ის აცხადებდა, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებს განცხადებით, სექსუალური შევიწროება, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა დაახლოებით 5 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მან „საფარის“ წევრებს უამბო იმ სამუშაო გარემოს შესახებ, რომელშიც მას და მის თანამშრომელ ქალებს უწევთ მუშაობა.

“მამაკაცებს აქვთ განცალკევებული ოთახი, სადაც დასვენება და ღამის გათენება შეუძლიათ. ქალების შემთხვევაში კი არ არის ცალკე ფართი. მათ ოფისის სივრცეში მოუწყეს საძინებელი სივრცეც და ამ სივრცეში მამაკაცები დღის განმავლობაში და საღამოს გვიანობამდე მუშაობენ. ჩვენ გენერალურ ინსპექციაში წარვადგინეთ სხვა მტკიცებულებები. ესენია აუდიოჩანაწერები, სადაც ძალიან კარგად ისმის სიტყვები თუ როგორ მიმართავს თუ როგორ ამცირებს ხელმძღვანელი პირი ქალებს”, – აცხადებს “საფარის” ადვოკატი თამთა ლუკავა.

ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია „საფარიმ“ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას განცხადებით მიმართა. „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით უწყებას რეაგირება არ მოუხდენია.

ორგანიზაცია „საფარის“ საპასუხოდ თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. სამინისტრო განმარტავს, რომ 2022 წლის 24 აგვისტოს გენერალურ ინსპექციაში შემოსულ განცხადებაზე იმავე დღეს დაიწყო სამსახურეობრივი შემოწმება.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოიკითხა საქმესთან კავშირის მქონე არაერთი ადამიანი, ასევე, სავარაუდო შევიწროებაში დადანაშაულებული პირი. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება შრომატევად პროცედურებს მოიცავს, თუმცა მიუხედავად ამისა გენერალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადებში მიეწოდოს წერილით მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაცია.

„საფარის“ ცნობით, კიდევ ორი ქალი საუბრობს იმავე ხელმძღვანელის მხრიდან შევიწროების შესახებ. თუმცა მათ ამის შესახებ არ განუცხადებიათ, რადგან ეშინიათ, რომ ეს სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდებათ და რომ მათ არავინ მოუსმენს….

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend