მთავარისაქართველოსაერთაშორისო სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2022" დასრულდა

საერთაშორისო სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2022” დასრულდა

დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია ვაზიანის მე-11 სამხედრო პოლიგონზე გაიმართა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავზე, საქართველოში უკვე მეექვსედ ჩატარდა ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“. ეს უმაღლესი დონის სამხედრო სწავლება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის სამხედრო ძალების ორგანიზებით იმართება და მასში მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის ასობით სამხედრო იღებს. წლევანდელ სწავლებაში, ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მონაწილეობა 2400-ზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა სამხედრომ მიიღო. „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვის ცერემონიაზე, სამხედრო მოსამსახურეებსა და სტუმრებს, სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და აშშ-ის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს დასრულდა 12 დღიანი სწავლება. ჩვენ ყველანი მოწმენი გავხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და უმაღლესი დონის სამხედრო მომზადებისა, რომლითაც გამოირჩევა სწავლების უკლებლივ ყველა მონაწილე. მადლობას მოვახსენებ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობასა და ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობას წლევანდელი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების სამაგალითო ხელმძღვანელობისთვის.

მადლობა მრავალეროვნული სწავლების ტრადიციულ პარტნიორებს და მათ, ვინც წელს პირველად მონაწილეობს ამ მნიშვნელოვან წვრთნებში. ეს, კიდევ ერთი, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოს, როგორც ღირსეული პარტნიორის როლი უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში.

მწამს, რომ პარტნიორობისა და ერთობის ძალას ვერაფერი შეარყევს. საქართველო მომავალშიც ღირსეულ და საიმედო პარტნიორობას გასწევს ჩვენს რეგიონში, შავ ზღვასა და მსოფლიოში მშვიდობის გაძლიერების სფეროში, რამეთუ მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს.

დიდი მადლობა!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დახურვის ცერემონიაზე სტუმრებსა და მებრძოლებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურმა სწავლებაში ჩართულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის კიდევ ერთი თანამიმდევრული ნაბიჯი ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ჩვენი საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით. წლიდან წლამდე ჩვენი სამხედროები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კოლეგებთან ერთად, ავითარებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ქმნიან ძლიერ კავშირებს.

სწავლების სახელი – „ღირსეული პარტნიორი“ კარგად გამოხატავს იმ ძირითად პრინციპს, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს მრავალწლიან, ურთიერთგაძლიერებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. ჩვენი ქვედანაყოფები, უნიკალურ საბრძოლო უნარების დაუფლებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ჩვენს სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებს.

მე მინდა მადლობა გადავუხადო სწავლებაში ჩართულ ყველა ქვეყანას, მათ შორის, ამ სწავლებაში პირველად მონაწილე იაპონიისა და შვედეთის წარმომადგენლებს, ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ სწავლებაში. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

დახურვის ღონისძიებას დაესწრო საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. მისასალმებელ სიტყვაში, მან მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს და ხაზი გაუსვა ამერიკის ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი.

„სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ჩვენი ერთგულების სიმბოლოა, გავაძლიეროთ პარტნიორის შესაძლებლობები და განვავითაროთ ნდობა. მკაფიოდ რომ ვთქვა: ეს არის ძლიერი ურთიერთობა, რომელიც აფერხებს პოტენციურ მოწინააღმდეგეს. „ღირსეული პარტნიორი“ შესაძლებლობას იძლევა, გავაუმჯობესოთ ჩვენი ერთობლივი და მრავალეროვნული მზადყოფნა და გავაძლიეროთ სანდო ძალები ევროპის მასშტაბით. მსგავსი სახის სწავლებებით საქართველო მომზადებას გადის და ამავე დროს ხელს უწყობს მეგობრებს, რათა უკეთესად მომზადებული შეხვდნენ დღევანდელ რთულ გამოწვევებს. შეერთებული შტატები განაგრძობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სამხედრო წვრთნებში ინვესტიციებს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და ნდობის ჩამოყალიბებას“, – თქვა ელჩმა კელი დეგნანმა.

მიმართვების შემდეგ, ღონისძიება სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. წვრთნებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის მონაწილეები თავდაცვის სამინისტრომ უწყებრივი მედლებით „ღირსეული პარტნიორი“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. „ღირსეული პარტნიორი 2022“ საერთაშორისო სწავლებაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.

ალეკო გვეტაძე

 

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend