ბოლო თვეების მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მეტი სტუმარი რუსეთის ფედერაციიდან ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა გამოქვეყნებული აქვს 2022 წლის ივლისის ჩათვლით. ამ მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ივლისში რუსეთიდან 236 734 პირი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 435 პროცენტით მეტია. ივნისში საქართველოს რუსეთიდან 135 ათასზე მეტი პირი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით, 340 პროცენტით მეტია.
ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქსტატის მონაცემების ანალიზის მიხედვით, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2022 წლის 25 თებერვლიდან 30 ივნისამდე პერიოდში შემოსული პირებიდან, ერთთვიანი დაყოვნების შემდეგ ქვეყანა არ დატოვა რუსეთის 42 500-ზე მეტმა მოქალაქემ.
„ეს მონაცემები ჩვენ გავაანალიზეთ სამი ქვეყნის მიხედვით – რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის. ამ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეთა დაყოვნების მაჩვენებელი 42 000-ია, ბელარუსის – 12 000, ხოლო უკრაინის – 15 000. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომია, მოქალაქეების ნაწილს კი უწევთ ქვეყნის დატოვება, ვხედავთ რომ საქართველოში უკრაინის მოქალაქეების მაჩვენებელი, მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუსეთის მოქალაქეების მაჩვენებელს. ეს ყველაფერ ბევრ კითხვას აჩენს – მაგალითად რა მიზნით შემოდიან რუსეთიდან, ასევე ბელარუსიდან. ეს არაერთ გამოწვევას წარმოშობს.
შესაძლოა ამას მოკლევადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის ჰქონდეს დადებითი ეფექტი. ისინი ხარჯავდნენ ფულს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკას ადგებოდეს, თუმცა სამომავლოდ ეს შესაძლოა მძიმე ტვირთი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. თუკი ეს ადამიანები დაიწყებენ ისეთი კომპანიების დაარსებას, რომელთა საშუალებითაც დააპირებენ სანქციების გვერდის ავლას, შემდგომში ეს ყველაფერი შეიძლება საქართველოზეც აისახოს. მაგალითად, შეიქმნას საფრთხე, რომ საქართველოც მოხვდეს ეკონომიკურ იზოლაციაში“ – აცხადებს ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი.
ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის მოქალაქეთა ქვეყანაში დაყოვნების სტატისტიკა აჩენს ვარაუდს, რომ ისინი საქართველოში ტურისტული მიზნით არ არიან. IDFI-ში განმარტავენ, რომ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აჭარბებს უკრაინის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მაჩვენებლებს.
ნანუკა მეშველაშვილი