მთავარისაქართველოსაქართველოში ქალებს ისევ კლავენ...

საქართველოში ქალებს ისევ კლავენ…

შეიმჩნიეთ ფემიციდი, შეიმჩნიეთ ძალადობა ქალების წინააღმდეგ“, – ასეთია ოპოზიციონერ ქალთა დეპუტატების გზავნილი. მათ მამაკაც პოლიტიკოსებს, ასევე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდეს, რომ აქტუალური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტად გამოაცხადონ.

„ვიდრე პოლიტიკოსი მამაკაცები, გადაწყვეტილების მიმღები მამაკაცები და ხშირად ქალებიც დუმილით ვხვდებით ამ საშინელ ტენდენციას, ეს ტენდენცია გაგრძელდება და ამას ვერ მოერევა მხოლოდ თუნდაც, ეფექტური ცალკეული რეაგირებები პოლიციის მხრიდან“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

„თუ პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, არ ჩათვლის, არ გამოაცხადებს ამას ნომერ პირველ პრიორიტეტად ქვეყნისთვის, ეს ასე გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრის სრული პასუხისმგებლობაა თქვას, აიღოს საკუთარ თავზე და გადადგას ქმედითი ნაბიჯები“, – აღნიშნა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ.

ქალთა უფლებადამცველების ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ფემიციდის შემთხვევები საქართველოში ძალიან გაიზარდა. მეტიც, მათი შეფასებით, ძალიან საგანგაშოა, როდესაც ქვეყანაში ფემიციდის ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

„საგანგაშოა, როდესაც ქვეყანაში ასეთი მაღალი სტატისტიკა გვაქვს. ყოველდღიურად ვიგებთ და ვხედავთ, როგორ კლავენ ქალებს. შარშანდელი სტატისტიკით, 31 ქალი იყო მოკლული. წლევანდელი სტატისტიკა ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის. სტატისტიკა, არსებული, რასაც ბოლო წლებში აწარმოებს სახელმწიფო, არ არის მაინც და მაინც ზუსტი“, – თქვა „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველოს“ წარმომადგენელმა, იდა ბახტურიძემ.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ  მზად არიან განიხილონ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ფემიციდთან ბრძოლაში ეფექტიანი იქნება. მმართველ პარტიაში იმასაც ამბობენ, რომ ქალებზე ძალადობის საკითხს უკავშირდება სწორედ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი.

„არის გენდერული საბჭო ჩამოყალიბებული, რომელიც აქტიურად მუშაობს როგორც 12 პუნქტიდან ერთ-ერთზე, ასევე, ზოგადად ამ თემაზე. ჩვენ დაველოდებით ინიციატივებს, თუ რაიმე კონკრეტული შეიძლება გაკეთდეს პარლამენტის მიერ მათ შორის კანონის მიღების კუთხით, ნებისმიერ დროს მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ფემიციდის შესაჩერებლად კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგმევა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, რეალობა ახლა ერთია – საქართველოში კვლავ კლავენ ქალებს….

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend