მთავარისაქართველოსაქართველოს პარლამენტის ოთხი დეპუტატის მორიგი ბრალდებები აშშ-ის საელჩოს

საქართველოს პარლამენტის ოთხი დეპუტატის მორიგი ბრალდებები აშშ-ის საელჩოს

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლასა და უსაფრთხოებაში, ოცდაათ წელზე მეტია დიდ ინვესტიციას დებს, პარლამენტის ოთხი დეპუტატის მიერ ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებშია ბრალდებული.

„ქართული ოცნებიდან“ ცოტა ხნის წინ გასულმა ე.წ. „ოთხეულმა“ ახალი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ის საელჩოს მხრიდან, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში ჩანერგილი აგენტების მფარველობაზეა საუბარი. განცხადების ავტორებმა შემდგომ მედიასთანაც ისაუბრეს. თუმცა, ვერც განცხადების გაკეთების დროს და ვერც წერილში, ამ ბრალდების დამამტკიცებელი ვერანაირი საბუთი ვერ წარმოადგინეს.

„წინა წერილებში ლოგიკურად დავაკავშირეთ ფაქტები ერთმანეთთან და იმ დასკვნამდე მივედით, რომ საქართველოში რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობი ორგანიზაციების ნაწილი ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებს დგამდნენ, სამწუხაროდ, ამ ფაქტების ლოგიკური კავშირით აღმოჩნდა, ამ ამის წამახალისებელი და კოორდინატორიც ამერიკის საელჩო იყო. სახელმწიფოში იქნები ამერიკის თუ ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტი, ეს არის მიუღებელი. საზოგადოება უნდა იყოს საქმის კურსში რა ხდება სახელმწიფოში. ამით ერთგვარ პრევენციას ვაკეთებთ, რომ აღქმული არ იყოს ისე, რომ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომლის აგენტად ყოფნა მიღებული იყოს, ეს ასე ნამდვილად არ არის“, – ამბობს წერილის თანაავტორი გურამ მაჭარაშვილი.

„ქართულ ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა მას თავისი ინტერესები აქვს, რაზეც ხმამაღლა ვერ ისაუბრებენ. ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს კი არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

„ჩვენ აქ გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა და ვთქვით, რომ ყველაფერთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებდით. მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. არის გარკვეული დელიკატური თემები, რომლებზეც საუბარი არ შეიძლება. იგივეა, როცა საუბარია აგენტურაზე, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს. ამ თემაზე საკითხის გაშლა მმართველ პარტიას გვიჭირს. არ მინდა, კონკრეტიკაში შევიდე. მით უმეტეს, ამ წერილში საქმე ეხება პარტნიორ ქვეყანას. რაღაცების უარყოფა და დადასტურება მომავალშიც გაგვიჭირდება. შეიძლება, რაღაც წერილში ასი პროცენტით სიმართლეა, მაგრამ როგორც კი რაღაცას დავადასტურებთ ან არა, ეს იქნება სერიოზული პრობლემა. ვერც ერთ წერილს ვერ დაგიდასტურებთ ვერც ერთი პროცენტით, ყოველთვის ზოგად პასუხს გაგცემთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ე.წ. „ოთხეული“ მმართველი პარტიის გაგრძელებაა. ამ ოთხი დეპუტატის საშუალებით „ქართული ოცნება“ საუბრობს და ამბობს იმას, რასაც რიგი მიზეზების გამო თავად ვერ განაცხადებდა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს არის ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორთან.

“ისინი არ არიან გამიჯნული “ქართული ოცნებიდან” და მათ საქმეს აკეთებენ. ეს ხალხი ამბობს იმას, რასაც ავალებს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. ამ ოთხეულში ის ხალხი შედის, რომელთაც არავითარი წონა არ აქვთ საზოგადოებაში. სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ სოზარ სუბარია მათ რიგებში, რომელიც ამ ქვეყნის ომბუდსმენი იყო და მან კარგად იცის რომ ეს არის ბინძური რიტორიკა. ამ მდარე პროპაგანდაში მონაწილეობა ჩემი აზრით სამარცხვინოა და ეს საზოგადოებაში ვერავითარ განწყობებს ვერ შეცვლის აშშ-ის მიმართ“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ე.წ. მხილებით დაკავებული დეპუტატები ამბობენ, რომ პოლიტიკის ამ ხაზს გააგრძელებენ და საზოგადოებას უფრო მეტ დეტალს მიაწვდიან. საქართველოში პარტნიორი ქვეყნის საელჩო ამ ახალ განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend