მთავარიევროპაუკრაინაცხოვრება ბირთვული საფრთხის ქვეშ

ცხოვრება ბირთვული საფრთხის ქვეშ

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ, რომლებსაც ახლა ბომბებზე მეტად სწორედ ატომური კატასტროფის ეშინიათ. ისინი ცდილობენ დაიცვან საკუთარი თავი, ოჯახის წევრები, მცირეწლოვანი ბავშვები. მოქალაქეები ჯანდაცვის ცენტრებში მიდიან და იღებენ იოდის აბებს, სამედიცინო ნიღბებს. შეტაკებები და და საოკუპაციო ძალების მხრიდან საჰაერო თავდასხმები ბირთვული რეაქტორის მახლობლად კი გრძელდება. თავად ელექტროსადგურის ტერიტორიას კვლავ რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. ადგილზე არიან საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტები.

ზორია პატარა სოფელია ზაპოროჟიის ელექტროსადგურის მახლობლად. აქედან 20 კილომეტრში ბირთვული რეაქტორია. აფეთქებების ხმა კი მუდმივად ისმის. აქ მცხოვრებლებს დიდი ხანია ბომბების ხმა აღარ აშინებთ. ახლა მათ სულ სხვა შიში აქვთ – არ მოხდეს რადიაციის გაჟონვა, რასაც უმძიმესი შედეგები მოჰყვება. ამაზე დარდობს ნატალია სტოკოზიც. ის სოფელში შვილებთან ერთად ცხოვრობს. ნატალიამ იცის, რომ მისი 11 წლის სონია, 8 წლის ბოგდანი და 3 წლის ვერონიკა უსაფრთხოდ არ არიან.

„ბომბები ჩვენთვის საშიში აღარ არის. ატომური ელექტროსადგური – ახლა ამის გვეშინია ყველაზე მეტად. თუ ატომური ელექტროსადგური ააფეთქეს, აქ საშინელება მოხდება. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, სულ რამდენიმე კილომეტრში. პირველ რიგში ბავშვები დაზარალდებიან“ – ამბობს ნატალია.

ბოლო კვირებში ზაპოროჟიის მიმდებარედ რუსული საოკუპაციო ძალების საჰაერო თავდასხმებმა იმატა. ფერმერები მუშაობის დროს რაკეტებს ზოგჯერ თავადაც ხედავენ. ოლექსანდრ პასკო ფერმერია, მას ხორბალი მოჰყავს. იცის, რომ ბირთვული რეაქტორის მახლობლად აფეთქებები ძალიან საშიშია, თუმცა მაინც მუშაობს.

„საკმაოდ ახლოს ვართ ატომურ ელექტროსადგურთან, 18 კილომეტრში. მიუხედავად საშიშროებისა და დაბომბვის გამო შექმნილი განსაკუთრებული მდგომარეობისა, მადლობა ღმერთს, რომ ხორბლის მოსავალი მაინც ავიღეთ“ – აცხადებს ოლექსანდრ პასკო.

უკრაინის ხელისუფლება ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის იოდის აბებსა და ნიღბებს არიგებს. იოდის აბები დაარიგეს ქალაქ ზაპოროჟიაშიც. ამ ქალაქს ბირთვული რეაქტორიდან 50 კილომეტრი აშორებს. თავდაპირველად აბების მისაღებად დიდი რიგები იყო. ახლა შედარებით სიმშვიდეა. მოქალაქეები სკოლებსა და ჯანდაცვის ცენტრებში მიდიან, სადაც მათ თავდაცვის საშუალებებს აძლევენ. მარინა ისაევა თავის 6 წლის შვილთან ერთად მივიდა აბების ასაღებად.

„რა თქმა უნდა ძალიან ვღელავ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე. ვცდილობ, მხოლოდ კარგზე ვიფიქრო. ამიტომ არ ვუშვებ იმას, რაც შეიძლება მოხდეს. არ ვუშვებ, რომ ასეთი უბედურება დაგვატყდება თავს. ვცდილობ მაქსიმალურად დავიცვა თავი და დავიცვა ჩემი ოჯახი“ – ამბობს მარინა ისაევა.

ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურთან არსებული ვითარების შესახებ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლებმა. ახლა ყველა შიშობს, რომ თუკი ამ ტერიტორიაზე შეტაკებები და საჰაერო თავდასხმები გაგრძელდება, შესაძლოა ბირთვული კატასტროფა მოხდეს. ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საერთაშორისო სააგენტოს 6 ექსპერტი რჩება.

რამდენიმე კილომეტრის მოშორებით კი რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ახლა გადარჩენისთვის იბრძვიან და ბომბებზე მეტად სწორედ ატომური კატასტროფის ეშინიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend