„ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსის წინააღმდეგ“- საქმეზე შეთანხმების შედეგად, ცნობილია მხოლოდ ის, რომ სერიალში არ შეიცვლება ეპიზოდი, სადაც ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილი რუსული წარმომავლობისაა და რომ ის არასოდეს შეხვედრია კაც მოჭადრაკეებს.
ადვოკატების განცხადებით, სასამართლო პროცესის შემდეგ მსოფლიომ შეიტყო, რომ ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი დიდოსტატი, რომელსაც ნათამაშები აქვს კაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ. სერიალის შინაარსის უცვლელად დატოვებას ისინი ასე განმარტავენ.
“სრულიად მსოფლიო პრესა და არა მარტო საჭადრაკო საზოგადოება აშუქებს ამ მოვლენას უკვე მესამედ. პირველროდესაც სარჩელი შევიდა, მეორე იყო სასამართლო გადაწყვეტილება და მესამე დღეს. აღარავის ეჭვი აღარ ეპარება დედამიწის ზურგზე, რომ ქალბატონი ნონა არის ქართველი საჭადრაკო ლეგენდა ეს შედეგი მიღწეულია. ყველამ იცის, რომ „ნეტფლიქსმა“ სცენარში არასწორი ინფორმაცია გადმოსცა. სარჩელს სხვადასხვა ამოცანა აქვს და ეს ამოცანა უპირობოდ მიღწეულია“,- მიიჩნევს ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
ადვოკატების განცხადებით, ამ შედეგს წინ უძღოდა კალიფორნიის სასამართლოს მიერ პირველი გადაწყვეტილების ნონა გაფრინდაშვილის სასარგებლოდ გამოცხადება.
ამ სასამართლომ დაადგინა, რომ მხატვრული ნაწარმოები არ წარმოადგენს პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებებისგან თავისუფალ ზონას და არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან.
„ეს იყო პრეცედენტი, ქალბატონი ნონას ამ ძალისხმევამ ეს პრეცედენტი შექმნა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ შედეგის დადგომის მონაწილეები ვართ“, – ამბობს ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი, კახა შარაბიძე.
მხარეებს შორის მორიგების შესახებ ინიციატივა სასამართლომ წარადგინა და სწორედ მათ მიერ შერჩეული მედიატორის მეშვეობით განხორციელდა პროცესი.
ნონა გაფრინდაშვილი სასამართლოს გზით შეცდომის გასწორებასა და კომპენსაციას 5 მილიონ დოლარს ითხოვდა.
მარიამ ქუხილავა