მთავარისაქართველოუკრაინული პორტალის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

უკრაინული პორტალის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

უკრაინული პორტალის „ომი და სანქციების“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კვლავ განხილვის საგანია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. საუბარია იმ პირთა მონაცემებზე, რომლებიც ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესებას იმსახურებენ.

ვებგვერდზე იმ პირთა სიაც იძებნება, რომლებიც უკვე სანქცირებულები არიან. ცალკე გამოყოფილ გრაფაში საქართველოს იმ მოქალაქეების მონაცემებია, რომლებიც  ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სანქცირებულთა სიაში უნდა მოხვდნენ.

ამ ჩამონათვალშია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ასევე ქართველი ბიზნესმენების ნაწილი და მათთან დაკავშირებული პირები.

„მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ეს სანქციების სია გაიზარდოს და პირადად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასანქცირდეს, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის და საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ მიდის. ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით, მე პირადად ვმუშაობ ამ სანქციებზე, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად და ეს ინფორმაცია, რაც თქვენ წაიკითხეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რუსული კავშირები. თქვენ იცით, საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკრაინის სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინება და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს რუსულ გავლენებს უნდა იყოს სანქციების ქვეშ და მე ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

უკრაინული პორტალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაშიც“ გამოეხმაურნენ. მმართველ პარტიაში უკრაინის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებენ იმ უმძიმესი კორუფციით დაკავდეს, რომელიც დღეს უკრაინაშია.

„დიდი ხანია არახამიამ დააანონსა, რომ ამას აპირებდნენ – ელენე ხოშტარიამ დადო სია და ზუსტად იგივე სია დაიდო უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ. ეს კოორდინაცია როგორ ხდება, ამაზე ჩვენი ეჭვები გვაქვს, თუმცა ბოლომდე კარტებს, ბუნებრივია, არ გავშლით. ხედავთ, რომ არახამია, ერთი მხრივ, დანილოვის და პოდოლიაკის ხელით გვირჩევს, რომ ომში ჩავერთოთ, “მეორე ფრონტი” გავხსნათ, მეორე მხრივ კი ცდილობს, დაგვაშანტაჟოს სანქციებით. ჯობს, გახსნას კარტები და ეს ორი საკითხი გააერთიანოს – დაშანტაჟების მიზანი რომ არის “მეორე ფრონტი”, ეს თქვას პირდაპირ, კაცურად. ქართველ ხალხს უნდა უთხრან ეს, რატომ ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს სანქციებით და მეორე ხელით რატომ ითხოვენ “მეორე ფრონტის” გახსნას, ამაზე ქართველ ხალხს ესაუბრონ, ღირსეულები თუ არიან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის ელჩს საქართველოში არ აქვს ინფორმაცია უკრაინულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით. თუმცა ამბობს, რომ სანქციები მნიშვნელოვანია და ეფექტური, როცა საქმე რუსეთს ეხება.

„შემიძლია, ვთქვა, რომ სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური, როგორც ამას ვხედავთ რუსეთთან დაკავშირებით და რის დანახვასაც გავაგრძელებთ, რადგან სანქციებს, რომლებიც მსოფლიომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესა, ეფექტი მომავალშიც ექნება. ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს წინასწარ, დაწესებამდე არ აანონსებს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

ვებგვერდი „ომი და სანქციები“ კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნეს.

ჯერჯერობით უცნობია, გაითვალისწინებენ თუ არა ამ ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორები.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend