საქართველოში პოლიტიკური სეზონი 5 სექტემბრიდან ოპოზიციური პარტიების ნაწილის ერთობლივი განცხადებით გაიხსნა. რასაც შემდგომ ბრიფინგები და განცხადებები მოჰყვა.
პარტიები – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“, სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციებით, აპირებენ გეგმის წარდგენას, რომელიც მათი თქმით საქართველოს, ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში უნდა დაეხმაროს. ამბობენ, რომ იღებენ პასუხისმგებლობას კონსტრუქციულ რეჟიმში დაანახონ დასავლელ პარტნიორებსა და მოსახლეობას, რომ ოპოზიციას კონკრეტული ხედვა და ინიციატივები აქვს. ამის გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, კოლეგა პარტიების ლიდერებთან ერთად, აუცილებელ პირობად მიიჩნევენ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.
“შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად, ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად. მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად. როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ. საზოგადოებრივი ჩართულობითა და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი ინტენსივობით, ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს. განსხვავებით წინა წლებისგან, დღეს არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მმართველ პარტიაში ოპონენტებს პასუხობენ და ამბობენ, რომ ოპოზიციის ამ წარმომადგენლების ყველა განცხადება და ქმედება დესტრუქციულ ინტერესებს შეიცავს, რომ ქვეყყანამ ვერ მიიღოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ თუ ოპოზიციას ნამდვილად სურს ქვეყნის ეს წარმატება, მაშინ მათთან ერთად უნდა დასხნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, უკვე არასერიოზულია. მისივე თქმით, არჩევნები მხოლოდ 2024 წელს გაიმართება. ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, რამდენად არის მმართველი ძალა მზად ოპონენტებს დაუთმოს გარკვეული გადაწყვეტილებები, ამაზე „ქართულ ოცნებაში“ არაფერს ამბობენ.
“როდესაც პოლარიზაციის საკითხზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში ჩვენ საქართველოში გვაქვს არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, რაც იწვევს ამ პოლარიზაციას. მთავარი პრობლემაა არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, ის რადიკალური დღის წესრიგი, რომელსაც მიჰყვებიან. ეს გულისხმობს ერთ რამეს, ხელისუფლების არაღიარებას. ეს არის მთავარი გამოწვევა.
არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. სერიოზულიც აღარ არის ამ თემებზე კომენტარის გაკეთება. არჩევნები ახალი ჩატარებული იყო, როდესაც ვადამდელს ითხოვდნენ. ამის შემდეგ სეზონის მიხედვით ეს მოთხოვნები კვლავ ისმის. სამწუხაროდ, ოპოზიციის ეს ნაწილი საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობს, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ და ამ მოთხოვნას საზოგადოებისგან არ აქვს. ისინი ამით იმას აღწევენ, რომ კიდევ უფრო მეტად მარგინალიზირდებიან “,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები საშემოდგომო სესიაზე ძირითადად ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებენ. პირველი სასესიო კვირა 6 სექტემბერს გაიხსნება.
ალეკო გვეტაძე