გერმანიის მთავრობამ პირობა დადო, მომხმარებლებს ენერგორესურსებზე მზარდ ფასებთან გამკლავებაში დაეხმაროს და აღარ იყოს დამოკიდებული რუსეთის მიერ მოწოდებულ ენერგორესურსებზე.
2 სექტემბერს კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო გაურკვეველი ვადით წყვეტს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდებას.
ვარაუდობენ, რომ რუსეთი გაზსადენს ხანგრძლივი პერიოდით გათიშავს. მისი მიზანია, მოახდინოს ზეწოლა დასავლეთის ქვეყნებზე და დაარღვიოს მათი ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხში.
,,ფაქტია, რომ თუ ჩვენ მალე არ ვიმოქმედებთ, ამან შეიძლება ფინანსური სისტემის სერიოზული შეფერხება გამოიწვიოს სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეიძლება ფინანსურ კრიზისში აღმოვჩნდეთ. ეს იმის გამო ხდება, რომ ელექტროენერგიის მწარმოებლები ვერ ახერხებენ საჭირო ლიკვიდურობის უზრუნველყოფასა და ჩრდილოეთის ნაკადის -1-ის გამო გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებას“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა.
ევროპაში ელიან, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 1 – ის“ გაზსადენით მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა კიდევ უფრო შემცირდება. ამიტომ ევროპის ქვეყნის ლიდერები გამოსავალს ეძებენ.
ამასთან, ყოველდღიურად იზრდება ფასები ელექტროენერგიაზე, რის გამოც ქვეყნები გამოდიან ინიციატივით, რომ გაუზარდონ დაფინანსება ელექტროენერგიის წარმოებაში ჩართულ კომპანიებს.
,საჭიროა, მთავრობამ მიიღოს ეფექტიანი ზომები ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მინისტრთა კომიტეტი მხარს უჭერს მთავრობასა და პარლამენტს, 10 მილიარდი ევროთი დაეხმაროს ელექტროენერგიის წარმოებაში ჩართულ კომპანიებს”, – განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა.
ენერგოკრიზისი უბიძგებს ევროპას ერთიანობისა და ენერგიის ალტერნატიული გზების მოძიებისკენ. ამის დასტურია ბალტიისპირეთის ქვეყნების შეთანხმება, რომელიც 2030 წლისთვის ქარის ენერგიის გენერაციის შვიდჯერ გაზრდას ითვალისწინებს.