“დიდება უკრაინას”- საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპელი პოლიტიკოსები, საერთაშორისო ექსპერტები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები თბილისში, მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს აწმყოსა და მომავალზე, ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებულ პერსპექტივებსა და სახელმწიფოების დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე.
კონფერენციის ორგანიზატორები და მასპინძლები არიან: „მაკკეინის ინსტიტუტი“, „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.
თბილისში მყოფი ევროპარლამენტარები, ამ პლატფორმიდან დღეს დასავლეთს კიდევ უფრო მეტ იარაღსა და ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვდნენ უკრაინისთვის, რადგან მათი თქმით, უკრაინის დამარცხება მთელი ცივილიზებული სამყაროს დამარცხება იქნება და პუტინთან მოლაპარაკება კი უკრაინის კაპიტულაციის ტოლფასია.
“მინდა გავიხსენო, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ლიდერები, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, 2008 წელს ჩამოვიდნენ თბილისში და განაცხადეს, რომ თბილისის შემდეგ შესაძლოა ყოფილიყო უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და სხვები, მათ შორის შესაძლოა ყოფილიყო პოლონეთიც და ეს ჯერ კიდევ ასეა… როდესაც გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, არსებობს ძალიან პოზიტიური გეოპოლიტიკური ცვლილება. ვხედავთ, რომ გმირი უკრაინელების წყალობით, რუსეთის დამარცხება შესაძლებელია, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ რუსეთი რეალურად დამარცხდეს. ყოველთვის არ არის შესაძლებელი გენოციდის თავიდან აცილება. ზოგიერთები საუბრობენ, რომ ბუჩის მსგავსი შემთხვევების გათვალისწინება და პრევენცია უნდა მომხდარიყო. ასეთი რამ ჩვენ უბრალოდ არ წარმოგვედგინა, მაგრამ როდესაც ეს ვნახეთ, ვალდებულნი ვართ საერთაშორისო კანონმდებლობით, მაქსიმუმი გავაკეთოთ ამის შესაჩერებლად. ყოფილა შემთხვევები, როცა ნატო, ეუთო შესულან სხვა ქვეყნებში, სხვა კონფლიქტებში. რატომ გვინდა პუტინთან მოლაპარაკება ასე ძალიან? ის ხომ ჩვეულებრივი ომის დამნაშავეა! ის უნდა დაისაჯოს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
დასავლური სანქციები რომ მუშაობს, ამაში დღეს დისკუსიისას ეჭვი არავის შეუტანია, თუმცა მაინც მეტს ითხოვდნენ… ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი შიშობს, რომ რუსულ რესურსებზე დამოკიდებულების გამო გერმანია და საფრანგეთი შესაძლოა, პუტინის მახეში გაებან, რადგან ეს ქვეყნები ხშირად მიდიან ევრობლოკის იმ გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთზე წნეხის გაძლიერებას ემსახურება.
„ჩვენ არაერთხელ გვსმენია, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ეს უკრაინის სრულ კაპიტულაციას ნიშნავს და რეალურად მოლაპარაკების სურვილი საერთოდ არც ყოფილა. დასავლური სახელმწიფოები და მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საფრანგეთსა და გერმანიას, დიდი ალბათობით, რუსულ მახეში გაებმებიან. ყოველ კვირას გერმანულ მედიიდან გვესმის: მოდი, მივაღწიოთ მშვიდობას, ვიპოვოთ გამოსავალი მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით და სხვა. თუ პესკოვმა თქვა, რომ მათ უნდათ მოლაპარაკება, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას… იარაღით, მძიმე იარაღით, ტანკებით, ყველაფრით რასაც ვიპოვით. და არა მხოლოდ განცხადებებით, რაც ხშირად გვესმის, მათ შორის კანცლერის მხრიდან, არამედ საქმითაც. ჩვენ ძალიან სუსტი ვართ სტრატეგიულ კომუნიკაციაში მთელ მსოფლიოში. მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით, ხშირად გვესმოდა, რომ ადამიანები დასავლური სანქციების გამო იტანჯებიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ არ იყო აქტიური კომუნიკაცია ჩვენი მხრიდან, რათა ავუხსნათ ღარიბ, ყველაზე დაუცველ ადამიანებს, რა არის სიმართლე და რატომ მოხდა, ის რაც მოხდა. მაგრამ ჩვენ ამის ნაცვლად ვკარგავთ ქვეყნებს,”- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.
დღეს, 5 სექტემბერს კონფერენციის პირველ დღეს განხილვის მთავარი თემა იყო ევროინტეგრაციის გზა, რომელზეც საქართველო და უკრაინა ერთად დგანან. ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე, განსაკუთრებულ აქცენტს დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობაზე აკეთებდნენ. ეს საკითხი დღეს პანელურ დისკუსიებზე არაერთხელ ახსენეს.
„ვფიქრობ, დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია იყო რეალური ბიძგი, ბიძგი იმისა, რომ საქართველოს მთავრობას აუცილებელი გადაწყვეტილებები მიეღო. და თუ ისინი ნამდვილად გააანალიზებენ იმას, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის, მაშინ უნდა გადადგან ის ქმედითი ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ამ ეტაპზე არ სურთ. ადრეც ვთქვი და ახლაც მინდა გავიმეორო: საქართველო გზაჯვარედინზეა და ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს – დაიცავს თავის ძალაუფლებას, დაიცავს დემოკრატიულ რეფორმებს თუ ორივეს ერთად. არ მგონია, რომ ორივეს დაცვა შესაძლებელი იყოს. ვფიქრობ, ევროკომისიის რეკომენდაციები გამოფხიზლების საწინდარი იყო. თუმცა, ამავდროულად, ვხედავ, რომ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურ დოკუმენტში ტერმინი „დეოლიგარქიზაცია“ ნახა, ევროკავშირის მიმართ ნეგატიური რეაქცია გაუჩნდა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ დირექტორმა ლორა თორტონმა, რომელიც მანამდე საქართველოში NDI-ის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები დღევანდელ კონფერენციას არ დასწრებიან. ღონისძიება ხვალ, 6 სექტემბერსაც გრძელდება, თუმცა დღის წესრიგში, გამომსვლელებს შორის არც ხვალ არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
კონფერენციაზე მიწვეული იყო პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა შალვა პაპუაშვილმა მასში მონაწილეობა არ მიიღო. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ პანელებზე წარმოდგენილნი იყვნენ ისეთი პოლიტიკური ჯგუფებიც, რომელთაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ. მისივე თქმით, რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შეუწყობს და ამიტომ არ იღებს მონაწილეობას კონფერენციაში.
სოფო მაქაცარია