მთავარისაქართველოიცვლება თუ არა მმართველი გუნდის რიტორიკა დასავლური ინსტიტუტების მისამართით

იცვლება თუ არა მმართველი გუნდის რიტორიკა დასავლური ინსტიტუტების მისამართით

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ იზიარებს „ქართული ოცნებიდან“ გასული თანაგუნდელების კრიტიკას აშშ-ისა და ზოგადად დასავლეთის მიმართ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც მსგავსი განცხადებები გააკეთეს. ახლა უკვე ისინიც ამბობენ, რომ ყოფილი თანაგუნდელების პოზიციას არ იზიარებენ.

„ოთხეულის პოზიცია მათი პოზიციაა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აშშ, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნები, ყველანი არიან ჩვენი პარტნიორები, რომლებიც მშვიდობისთვის და ჩვენი განვითარებისთვის არაერთ პროექტში იღებენ მონაწილეობას. გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები რომ აქვთ მათ შორის, ე.წ. ოთხეულს, ამაში საგანგაშოს ვერ ვხედავ. აქ თემა არის ის, რომ კითხვები იყო და პასუხი გაეცა, ეს პინგ-პონგი საელჩოსა და ამ ოთხეულს შორის ამერიკასთან ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

თავად მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატები კი პრემიერ-მინისტრის შეფასებაში პრობლემას ვერ ხედავენ. მეტიც, ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ იმიტომ დატოვეს, რომ მათი შეხედულებები განსხვავებულია. საქართველოს პრეზიდენტზე კი ფიქრობენ, რომ ის მათ მსაჯულივით ესაუბრება.

„ეს ქალბატონი ვისი მსახურია? – თუ საქართველოს მოქალაქეების მსახურია, მსგავსი რიტორიკით არ უნდა ისაუბროს. პირდაპირ ჩანს, თითქოს ის არის ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელიც მოგვიწოდებს, რომ გინდათ თუ არა, 12 პუნქტი შეასრულეთო. საქართველოდან განყენებულია და ასე მოგვიწოდებს – პრემიერი ბრიუსელში ჩავა და აბა, რა გზავნილი ექნება. საქართველოს პრეზიდენტი რაღაც მსაჯულივით გვესაუბრება“, – აღნიშნა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

„ქართული ოცნებიდან“ გასულმა ოთხმა დეპუტატმა რამდენიმე წერილი გაავრცელა. ამ წერილების ძირითადი პათოსი ამერიკის ელჩისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკა იყო. ოპოზიციაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს წერილები და მთავრობის მესიჯები ერთ ადგილზე იწერებოდა.

„პრეზიდენტის ნათქვამი, რომ გაემიჯნოს ოთხეულს, ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება და ის, რომ ცალკე არიან, ეს იყო თამაში და ახლაც არის თამაში, პრეზიდენტმა თქვა – „დაასრულეთ ეს თამაში“. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს წერილები და მთავრობის მესიჯები ერთ ადგილზე იწერებოდა და ხმოვანდებოდა?! ახლა ტაქტიკურად ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს ცოტა არ იყოს სჭირდება ცოტა თითქოს დაათბოს ურთიერთობები, რადგან ყველა შესაძლო დონიდან ყველა ჩვენი მეგობარი უკიდურესად შეშფოთებული და შეწუხებულია იმ სახელისუფლებო პოლიტიკის გამო, რასაც ბოლო ხანებში ეს ოთხეული ახმოვანებდა და დანარჩენები ძირითადად თავს უქნევდნენ“, – თქვა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა.

„რთულია, განიხილო პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება სერიოზულად – ვის უნდა გაემიჯნოს ღარიბაშვილი, ჩემთვის გაუგებარია, როცა თავად „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ღარიბაშვილის მოქმედებები და საუბარი არაფრით არ განსხვავდება იმ სამეულის საუბრისგან. ეროვნულ ინტერესებს ღალატობს ეს ხალხი, მის წინააღმდეგ მოქმედებს და ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა.

დასავლეთის მიმართ ბოლო დროს გახშირებულ კრიტიკას პირველ სექტემბერს სალომე ზურაბიშვილს გამოეხმაურა და რიტორიკას წარმოუდგენელი უწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა მმართველ გუნდსა და ირაკლი ღარიბაშვილს, გაემიჯნოს მსგავს განცხადებებს და ბრიუსელსა და ნიუ-იორკში დაგეგმილი ვიზიტის დროს გაფანტოს ყველა ეჭვი, რომელიც დასავლეთს საქართველოს მიმართ გაუჩნდა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend