აშშ-ში ფედერალურმა აგენტებმა ერთდროულად გაჩხრიკეს სამი ქონება, რომლებიც დაკავშირებულია მილიარდერ რუს ოლიგარქ ვიქტორ ვეკსელბერგთან. ამავე ოლიგარქს, 120 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა აპრილში ჩამოართვეს.
მედიის ინფორმაციით, აგენტებმა მანჰეტენზე მდებარე ოფისი გაჩხრიკეს. ჩხრეკა ჩაატარეს ასევე საუთჰემპტონში, ნიუ-იორკის მდიდრული პლაჟის ტერიტორიაზე და მაიამის კუნძულზე.
FBI-მ დაადასტურა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე რუს ოლიგარქ ვიქტორ ვეკსელბერგთან დაკავშირებით, გარკვეული სახის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რის ნაწილსაც ეს სპეცოპერაციები წარმოადგენდა.
ჩხრეკის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ოლიგარქის ადვოკატებმაც მიიღეს, თუმცა ჯერჯერობით მის წარმომადგენლებს განცხადება არ გაუკეთებიათ.