უკრაინის სკოლების დიდმა ნაწილმა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყო.
ნაწილი დისტანციურ რეჟიმზეა, ნაწილი კი საერთოდ ვერ იწყებს სასწავლო პროცესს,
ბომბების შიშით…
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ომის 6
თვის განმავლობაში უკრაინელი ბავშვები ქვეყნისთვის ბევრ უფროსზე მეტს
აკეთებდნენ.
„ჩვენი ბავშვები მხარს გვიჭერდნენ, გვერდში ედგნენ ქვეყანას. ისინი ძალიან მალე
გაიზარდნენ. არ ეშინოდათ. გვეხმარებოდნენ ბომბის თავშესაფრებში, უვლიდნენ
დაშავებულ მშობლებს. მოჰქონდათ წყალი და საკვები სამხედროებისთვის. მათ ფულიც
შეაგროვეს მოხალისეებისთვის… ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ მათით ვიამაყოთ“, – თვქ
ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი 1 სექტემბერს ირპინის სკოლაში მივიდა. ქალაქი რამდენიმე კვირის
განმავლობაში იყო რუსული ოკუპაციის ქვეშ. პრეზიდენტთან ერთად ბავშვებს
შეხვდა უკრაინაში ყველაზე პოპულარული ჯეკ რასელ ტერიერი, სახელად- პატრონი,
რომელსაც ომის დაწყებიდან დღემდე 200-ზე მეტი აუფეთქებელი ნაღმი აქვს ნაპოვნი.
რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქის, მარიუპოლის სკოლებშიც დაიწყო სწავლა. თუმცა, იქ ახლა განსხვავებული რეალობაა. გაკვეთილები რუსეთის ჰიმნით დაიწყეს. ჰიმნი მოასმენინეს ბავშვებს, რომელთაც ცოტა ხნის წინ რუსული მხარე უმოწყალოდ ბომბავდა.
ბავშვებს იქ საჩუქრებიც დაურიგეს – ბუშტები წარწერით „მარიუპოლს სანქტ-პეტერბურგისგან“.
მარიუპოლის ნაწილობრივ აღდგენილ სკოლებში აღარაფერია უკრაინული, არც ერთი
წიგნი… უკვე იქ არის ყველაზე ძლიერი და გამანადგურებელი იარაღიც – რუსეთის
ისტორიის ახალი გამოცემა.
უკრაინაში სკოლის პირველი ზარი წელს განგაშის ხმასთან ერთად ისმის… რთულია ამ
პირობებში სკოლების ამუშავება, თუმცა უკრაინაში მიაჩნიათ, რომ ბავშვებისთვის
განათლების მიცემაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს. ეს კარგად იციან მოსკოვშიც და
ალბათ, სწორედ ამიტომ გააქრეს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მარიუპოლის
სკოლებში ყველანაირი უკრაინული კვალი.
ქალაქში, რომლის ანექსიის შესახებაც მოსკოვს არ გამოუცხადებია, მაგრამ იქ უკვე ბავშვებს რუსებად ზრდის.
სოფო მაქაცარია