მმართველი პარტიის ახალი შეთავაზებით, „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის კანდიდატს არ წარადგენს. თუმცა, მასზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალისტები ჩაერთვებიან, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატების შეფასების ნაწილში. მმართველი ძალა მხოლოდ მაშინ იტოვებს კანდიდატის დასახელების უფლებას, თუ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესს ბოიკოტს გამოუცხადებენ.
პროცესს ბოიკოტს ჯერ არ უცხადებს, თუმცა „ქართული ოცნების“ მორიგ სატყუარად აღიქვამს ამ შეთავაზებას საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი.
პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ შეთავაზებას განიხილავენ, როგორც ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟს.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შეცვალოს საკანონმდებლო ჩარჩო და სახალხო დამცველის არჩევას დაუმატონ ხელოვნური რგოლი, რაც იმას გულისხმობს, რომ თურმე „ქართული ოცნების“ შერჩეულმა აკადემიურმა წრეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შეარჩიონ და შეაფასონ კანდიდატები, მიუღებელია და განვიხილავთ, როგორც დესტრუქციას და საბოტაჟს, მათ შორის 12-პუნქტიანი გეგმის ჩავარდნის მიზნით. „ქართულ ოცნებას“ სურს, არ მიიღოს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, არამედ მიიღოს მათ მიერ შერჩეული სახალხო დამცველი. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში და განსაკუთრებით ჩვენი პარტია, ერთგულია 12-პუნქტიანი გეგმის პრინციპების, კონსტიტუციის და ჩვენი პოზიცია რჩება იგივე – ჩვენ მხარს ვუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს, გვექნება შეხვედრები მათ შერჩევასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის არჩევის წესი უნდა დარჩეს იგივე, კანდიდატები უნდა წარმოადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საპარლამენტო ოპოზიცია ჩართული ვიქნებით ამ პროცესში“, – განაცხადა დეკანოიძემ.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის წესში პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანით, საზოგადოება უფრო დამოუკიდებელ ომბუდსმენს მიიღებს. თავიანთ დოკუმენტს, რომელზეც მუშაობა ჯერ არ დაუსრულებიათ, უნაკლოს უწოდებენ და ოპოზიციას კვლავ დესტრუქციაში ადანაშაულებენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ კანონმდებლობაში კონკრეტული კრიტერიუმები გაიწერება და სახალხო დამცველის არჩევის უკეთესი ნორმები იქნება.
” ჩვენს მიერ შეთავაზებულ წესს არაფერი დაეწუნება და არგუმენტი არ არსებობს, რაზეც დაყრდნობითაც ვინმეს შეუძლიან ისაუბროს ამ კანონპროექტის ნაკლოვანებაზე. მაშინ, ოპოზიციამ უნდა თქვას, რომ რაც მოქმედია, ის დავტოვოთ. არ მგონია, ოპოზიციამ ამ პოზიციის გახმოვანება შეძლოს, მაგრამ აქა-იქ ამანაც გაიჟღერა და ეს არის მცდარი, რადგან ეს დოკუმენტი უზრუნველყოფს ყველა იმ პრინციპის დაცვას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიიჩნევა როგორც საუკეთესო პრაქტიკა სახალხო დამცველის ინსტიტუტის, რომ ის იქნება დამოუკიდებელი, ინკლუზიურად არჩეული. როცა ოპოზიციური პარტიები “სატელიტ პარტიებზე” განცხადებას აკეთებენ, უფრო მეტი სერიოზულობა მართებთ და არ შეიძლება, ეს ყველაფერი მხოლოდ სპორტული ინტერესით იყოს. მათ არგუმენტები უნდა დაასახელონ. რაც კარგია, შეუძლიათ, თქვან, რომ კარგია. ამის ვაჟკაცობა ყველას უნდა ყოფნიდეს. საკუთარი თავის მოვალეობად მიაჩნიათ, რომ რაღაცნაირად პროცესი გალანძღონ, თუმცა ობიექტურად, კრიტიკისთვის იოტისოდენა მიზეზიც არ გააჩნია“, -აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
რეგლამენტის მიხედვით, სახალხო დამცველის ასარჩევად, მეათე მოწვევის პარლამენტში კენჭისყრა არაუგვიანეს პირველ დეკემბერს უნდა შედგეს. ომბუდსმენის თანამდებობაზე მიუკერძოებელი კანდიდატის დანიშვნა ერთ-ერთი მოთხოვნაა ევროკავშირის თორმეტ რეკომენდაციას შორის, რაზეც დამოკიდებული იქნება საქართველოს ევროპული მომავალი, რომლის ბედსაც ახლა პარლამენტში ქართველი პოლიტიკოსები წყვეტენ.
ალეკო გვეტაძე