საქართველოს მალე ახალი სახალხო დამცველი უნდა ჰყავდეს. მის არჩევას კი ფართო პოლიტიკური კონსენსუსი სჭრიდება, რადგან მის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ამ რაოდენობის წარმომადგენელი კი საკანონმდებლო ორგანოში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰყავს.
დღეს პარტია „მოქალაქეებმა“ ინიციატივა გამოთქვეს, რომ სახალხო დამცველის არჩევისას ფარული კენჭისყრა გაუქმდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, რომელმა დეპუტატმა დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი წარდგენილ კანდიდატურას.
„რამდენიმე ხმა აკლდება „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ სახალხო დამცველი იყოს არჩეული. გამომდინარე აქედან, ფარულობა ხელს უწყობს პროცესს, რა დროსაც შეიძლება 90 ხმა ისე მობილიზდეს, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს, ვინ მისცა ხმა სახალხო დამცველის კანდიდატურას და ვინ შეიკავა თავი. იმისთვის, რომ გამჭვირვალობა პარლამენტშიც იყოს უზრუნველყოფილი, რეგლამენტში არსებული ჩანაწერი უნდა შეიცვალოს და საზოგადოებამ იცოდეს, ვინ რომელ კანდიდატურას დაუჭირა მხარი. პოლიტიკურ პარტიას აქვს პასუხისმგებლობა, საკუთარი პოზიცია საჯაროდ დაიცვას და თქვას, ვის რატომ დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი“, – განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი და მკაფიო პოზიცია – ველოდებით სამოქალაქო სექტორისგან შემოთავაზებულ კანდიდატებს, რომელთაგან ავარჩევთ რომელ კანდიდატს ვუჭერთ მხარს და ეს არის მთელი პროცესის შინაარსი“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
სამოქალაქო სექტორს სახალხო დამცველის პოსტზე კონკრეტულ კანდიდატებზე მსჯელობა ჯერ არ დაუწყია. მათი განმარტებით, ამ ეტაპზე ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზციასთან მიმდინარეობს კონსულტაცია, რომლებიც სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არ არიან ჩართულნი.
„ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. ვფიქრობთ, რომ სახალხო დამცველი უნდა შეირჩეს მისი მაღალი პროფესიონალიზმის, მისი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის კრიტერიუმებით. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და, შესაბამისად, თუ პოლიტიკურ პრატიებს ამ საკითხთან დაკავშირებით ექნებათ გარკვეული ხედვები, შემოთავაზებები, რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ“, – თქვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, ისინი სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენენ, კენჭისყრის ღიაობას კი მხარს დაუჭერენ.
„ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს არანაირი ინტერესები არ აქვს არც ერთ საკითხთან დაკავშირებით კონსსენსუსის მიღწევის. იმიტომ, რომ სტრატეგია დესტაბლიზაციის არ შეცვლილა და ბოლო პერიოდში, როდესაც ცხელ შემოდგომას გვპირდებიან, იგი უფრო თვალსაჩინო და უფრო გამოკვეთილი გახდა პოლიტიკურ ასპარეზზე. რაც შეეხება თვითონ წესს, რასაკვირველია, შემუშავებული უნდა იყოს, ვინაიდან საკმაოდ რთული თემაა ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც პოლიტიკურად არ იქნება ანგაჟირებული, არავის არ დაუჭერს მხარს და იქნება სამართლიანი“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
სახალხო დამცველის არჩევის მნიშვნელობაზე აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც საუბრობს. მისი განცხადებით, ახლა დროა, რომ პროცესში რაც შეიძლება ბევრი შესაბამისი პირი მონაწილეობდეს.
„სახალხო დამცველის შერჩევა უაღრესად მნიშვნელოვანია. პარლამენტს აქვს უდიდესი შანსი, რომ ეს პროცესი ინკლუზიური იყოს. ახლა არის დრო მაქსიმალურად მრავალფეროვანი ხმების ჩასართველად და არა პროცესის დახურვის. წინა შერჩევის პროცესი ძალიან კარგად იყო შეფასებული საერთაშორისო სააგენტოების მიერ, რომლებიც არეგულირებენ იმას, თუ როგორ უნდა იყოს შერჩეული სახალხო დამცველი. ფაქტობრივად, საქართველომ მიიღო მაღალი რეიტინგი, რადგან პროცესი იყო ინკლუზიური, მოიცავდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბევრ ხმას. თუ საქართველოს სურს, შეინარჩუნოს ეს მაღალი რეიტინგი, უნდა მიჰყვეს პრინციპებს, რომელიც დადგენილია, როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, მას ევროკომიის 12 რეკომენდაცია აქვს შესასრულებელი.
რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მათგანი კი ასეთია: სახალხო დამცველის პოსტზე უპირატესობა უნდა მიენიჭოს დამოუკიდებელ პერსონას და მისი არჩევის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს.
ანა ალელიშვილი