მთავარისაქართველოსახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებული პოლიტიკური განხილვები დაიწყო

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებული პოლიტიკური განხილვები დაიწყო

ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი და ვის ექნება საყოველთაო ნდობა როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო წრეებიდან. პოლიტიკური შემოდგომის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, სწორედ ომბუდსმენის შერჩევის წესთან დაკავშირებული განხილვები იქნება.

პარლამენტში საპარლამენტო ჯგუფებს შორის უკვე გაიმართა შეხვედრა, რომელზეც პოლიტიკოსებმა მმართველი და ოპოზიციური პარტიებიდან ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს. საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი ამბობს, რომ მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, თუ  ვის კანდიდატურას წარადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად. იგივეს მოუწოდებენ მმართველ პარტიასაც.

“სრულად ვენდობით სამოქალაქო სექტორის მიერ ინიცირებულ პროცესს. შესაბამისად, დაველოდებით იმ კანდიდატებს, რომლებსაც სამოქალაქო სექტორი შეარჩევს და ამ კანდიდატებიდან ავარჩევთ სახალხო დამცველის იმ კანდიდატურას, რომელსაც მხარს დაუჭერს „სტრატეგია აღმაშენებელი“. იმედი მაქვს, ოპოზიციის ფლანგზე ეს პოზიცია იქნება გაზიარებული. როგორც მინიმუმ, ყველა, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, სწორედ ამ პოზიციაზეა. შესაბამისად, არაფორმალურ შეხვედრაზე მდინარაძესთან არაფერი განსახილველი ჩვენ არ გვაქვს.

პროცედურა დაწყებულია სამოქალაქო სექტორის მიერ. ეს პროცედურა თვითონ „ქართული ოცნების“ მიერ არის დამკვიდრებული წინა სახალხო დამცველის შერჩევის დროს. უნდა დაველოდოთ, ვინ წარადგენს საკუთარ კანდიდატურებს, აქედან ავარჩიოთ საუკეთესო და მას უნდა დავუჭიროთ მხარი. სხვა ყველა პროცესი იქნება მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ რამენაირად „გაათრიოს“ მისთვის სასურველი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განცხადებაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, არავინ არ უღალატებს საკუთარ პოზიციას და არ გადავა „ქართული ოცნების“ მხარეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ქართული ოცნება“ მთავარი საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების ამ მიდგომაშიც ხედავს პრობლემას. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ  სახალხო დამცველის არჩევის საკითხთან დაკავშირებით მათ უკეთესი ხედვა ექნებათ, თუმცა ჯერ ოპონენტებს მოუსმენენ. წინასწარი განწყობით კი ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, რომელსაც სამოქალაქო სექტორი შეარჩევს, სკეპტიკურად უყურებს.

„ვიმსჯელებთ, როგორია საერთაშორისო გამოცდილება, სტანდარტები. ამის შესწავლას გარკვეული დრო სჭირდება. კონკრეტული გეგმა და ხედვა გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ გვესახება სახალხო დამცველის არჩევა ჩართულობით, მაქსიმალური ეფექტიანობით პროცედურების წარმართვა. პროცესის შედეგად საუკეთესო კანდიდატი უნდა იყოს არჩეული. ეს თანამდებობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, ინტერესი მაღალია. დღევანდელი შეხვედრის ფუნქციაა, რომ გავიგოთ, ჩვენი პარტნიორების მოსაზრებები და როგორია მათი ხედვა, აღქმა იმ სტანდარტების ირგვლივ, რომელიც დაცული უნდა იყოს. ალბათ, ამ შეხვედრის ძირითადი დანიშნულება ისაა, რომ გავიგოთ, დამოკიდებულება და პოზიცია. არასამთავრობოებს პროცედურა როგორ ესახებათ, ეს ჯერ კარგად გასაგები არ არის. ჩვენი მიზანია, რომ სრულად გავიგოთ, როგორია საკითხით დაინტერესებული საზოგადოების, პოლიტიკური ორგანიზაციების ხედვა. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების პოზიციები. ამის შემდეგ შეგვეძლება პროცესის ისე დაგეგმვა, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს. პირველ ეტაპზე არ შემიძლია ვთქვა, რომ ცალკეული ორგანიზაციების რომელიმე შეხედულება არის უალტერნატივო. მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს საზოგადოებრივ ჩართულობას. ამას სჭირდება სწორად დაგეგმვა და ამ მიზანს ისახავს ეს შეხვედრაც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მეათე მოწვევის პარლამენტი, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პირობაზე იმუშავებს. მათ შორის ერთ-ერთია ომბუდსმენის თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის საკითხი. საკანონმდებლო ორგანო პირველ საშემოდგომო სხდომას ექვს სექტემბერს გამართავს.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend