მთავარიაზიაავღანეთი„ავღანეთის ისლამური ემირატის“ ერთწლიანი ისტორია

„ავღანეთის ისლამური ემირატის“ ერთწლიანი ისტორია

ზუსტად 1 წლის წინ, ავღანეთიდან ბოლო ამერიკული თვითმფრინავი გაფრინდა. ევაკუაცია დასრულდა და იქ დარჩენილებმა ბოლო იმედიც – დაღწეოდნენ  „თალიბანის“ არაადამიანურ რეჟიმს დაკარგეს. ზოგი ბორტზე მოხვდა, ზოგი კი უკეთეს ქვეყანაში გაქცევას რომ ცდილობდა, თვითმფრინავის ბორბლების ქვეშ მოჰყვა და დაიღუპა…

შარშან ავღანეთში გვალვა იყო.  მოსავალი თითქმის არ მოვიდა. საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული ქვეყანა პროდუქტის გარეშე დარჩა. ჯერ უცხოური ვალუტა აკრძალეს, თუმცა ინფლაცია ვერც ამან გააჩერა.

ყიდდნენ ყველაფერს, რომ ოჯახები გამოეკვებათ, შემდეგ  ორგანოებისა და საკუთარი შვილების გაყიდვაც დაიწყეს.

რთულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ „თალიბანის“ მოსვლიდან ერთი წლის თავზე, ავღანელი არასრულწლოვანი გოგონების დიდი ნაწილი ცოლებად არის გაყიდული. მათ შორის არის 13 წლის ჰოჯირაც.  მამამისი უკვე ნანობს, თუმცა ამბობს რომ სხვა გზა არ ჰქონდა.

ლემარი, ჰოჯირას მამა ამბობს: „მუდამ გაბრაზებულია ჩემზე მას შემდეგ, რაც ეს გადავწყვიტე… თბილად აღარ მხვდება. არაფერს აკეთებს ჩემთვის… ვიცი,  რომ დამნაშავე ვარ!“

გაყიდული გოგო ავღანეთიდან, ჰოჯირა  ჟურნალისტებს უყვება: „არც ველოდები,  რომ მომავალი ქმარი სწავლის უფლებას მომცემს. მამაჩემი ბრძენი რომ ყოფილიყო ამას არასდროს იზამდა…“

თავიდან ქალები აპროტესტებდნენ მათ მიმართ დაწესებულ აკრძალვებს. აწყობდნენ აქციებს, ითხოვდნენ მუშაობისა და სწავლის უფლებას,  თუმცა დროთა განმავლობაში ეს მუხტიც დაიკარგა. დღეს ავღანეთში მთლიანად დაკარგულია ის პროგრესი, რომელიც ქალთა უფლებების მხრივ იყო. ავღანეთის საკითხი ერთი წლის თავზე გაეროს უშიშროების სხდომაზე კვლავ განიხილეს.  მარტინ გრიფინდსმა, გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა:   „წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გოგონებმა საკლასო ოთახებში შეაბიჯეს. 21-ე საუკუნეში არ უნდა  გვჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ  გოგონებს განათლება სჭირდებათ,  რომ ქალთა გაძლიერება მნიშვნელოვანია მათი თემებისთვის, ქვეყნისთვის და მართლაც  ყოველი ჩვენგანისთვის…“

„თალიბანმა“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო ხელოვანების დევნა. დღეს ქვეყანაში ფაქტობრივად შემოქმედება აღარ არსებობს,  ან სადმე რაღაც იქმნება, ხელოვანების სიცოცხლის რისკის ფასად, მაგრამ, ჩვენ ამის შესახებ დიდ ხანს ვერ გავიგებთ… ავღანეთში თითქმის ერთი წელია აკრძალულია მუსიკა.

ამ ერთი წლის განმავლობაში გვალვისა და შიმშილის გარდა იყო ტერაქტებიც, რასაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  ასევე, იყო მიწისძვრა, რომელმაც ისედაც მშიერი ავღანელები სახლ-კარის გარეშეც დატოვა.

„თალიბანი“ აქციების გამართვის უფლებას რთავს მხოლოდ მათ,  ვინც საერთაშორისო საზოგადოებისგან გაყინული აქტივების დაბრუნებას ითხოვს. თუმცა, ასეთი აქციები ძირითადად სწორედ მათი დაგეგმილია. ბოლო ამერიკული თვითმფრინავის გაფრენიდან ერთი წლის თავზე, ავღანეთის არაღიარებულ ისლამურ ემირატში მოსახლეობის ნახევარი შიმშილობს. ეს არის ოც მილიონამდე ადამიანი,  რომელთაგან მილიონობით ბავშვია.  ბავშვები, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ საკუთარ მომავალზე,  თუმცა მათმა დიდმა ნაწილმა იცის, რომ მშობლებმა გაყიდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend