მთავარისაქართველოვენეციის კომისიის დასკვნა: „ქართულმა ოცნებამ“ კანონი მოსმენების შესახებ ნაჩქარევად მიიღო

ვენეციის კომისიის დასკვნა: „ქართულმა ოცნებამ“ კანონი მოსმენების შესახებ ნაჩქარევად მიიღო

ვენეციის კომისია ფარული საგამოძიებო მოქმედების გარშემო მიღებულ კანონპროექტს ნაჩქარევად მიღებულს უწოდებს და ხელისუფლებას გადახედვისკენ მოუწოდებს.

26 აგვისტოს გამოქვეყნებულ გადაუდებელ მოსაზრებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების გადახედვა.

კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ფარული საგამოძიებო ღონისძიებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც გავლენას არა მხოლოდ პირად კომუნიკაციებსა და პირად ცხოვრებაზე, არამედ ადამიანის სხვა უფლებებზე ახდენენ.

ოპოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნას ეთანხმება.

„ეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არის ყველაზე უფრო რეპრესიული სისტემის გამომხატველი საქართველოში, პოლიტიკური მართლმსაჯულების და, მათ შორის, სამოქალაქო სექტორზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე ზემოქმედების იარაღია, გულისხმობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციები, მათ შორის, 12 პუნქტის შესასრულებლად, არის ადამიანების მოტყუება”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

„პირდაპირ ვიტყვი, „ქართულ ოცნებას“ სულ არ სჭირდება ამ კანონის მიღება. არავინ უსმენს ამ კანონის მიხედვით, უკანონოდ უსმენენ“, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

მმართველ პარტიაში კი ფიქრობენ, რომ მოსმენების კანონზე მოტივირებული შენიშვნები არავის წარმოუდგენია.

„ფორმალური თვალსაზრისით კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით არ განხილულა. რაც შეეხება საკითხების ნაჩქარევად განხილვას, მინდა შეგახსენოთ, რომ განხილვის პროცედურა ორი კვირით გადაიდო, რათა არგუმენტაცია წარმოედგინათ, თუმცა კანონპროექტის საწინააღმდეგოდ რაიმე წონადი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, საიდან გაჩნდა იდეა, რომ პროცედურები ნაჩქარევი იყო და ვინმეს საკუთარი მოსაზრებების სრულფასოვნად წარმოდგენისა და პოლემიკაში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო.

ცვლილებებს შემდგომში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან პირველ ივლისს გადაუდებელი მოსაზრება მოითხოვა.

კანონპროექტი კრიტიკულად ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„ქართული ოცნებაში“ კი ამბობდნენ, რომ კრიტიკის მიუხედავად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევდნენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend