მთავარიევროპაგერმანიაგერმანია ლუდის Oktoberfest-სთვის ემზადება

გერმანია ლუდის Oktoberfest-სთვის ემზადება

ერთ თვეზე ნაკლები დარჩა მსოფლიოს ყველაზე ქაფიან და ყვითელ ღონისძიებამდე. გერმანიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუდის წვეულება ტრადიციულად მიუნხენის ცენტრში გაიმართება. ლუდის ფესტივალი, რომელიც ოქტომბერფესტის სახელითაა ცნობილი, კორონავირუსის პანდემიის გამო, ორწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება. ცნობილი ბავარიული ლუდის ფესტივალის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ზეიმი 17 სექტემბერს დაიწყება და სამ ოქტომბერს დასრულდება.

ფესტივალში წელს მონაწილეობას 487 ლუდსახარში, რესტორანი, თევზითა და ღვინით მოვაჭრეები მიიღებენ მონაწილეობას.

„სანამ ზამთრის კრიზისი და გაზის დეფიციტი დაიწყება, ბოლომდე ვცდილობთ დავტკბეთ მზიანი და თბილი ზაფხულით, როდესაც ლუდს განსაკუთრებით ვეტანებით მეგობრებთან ერთად. ვიცით, რომ ლუდის მწარმოებლებისათვის რთული წელი იქნება. თუმცა, ახლა ამაზე არ ვფიქრობთ, რადგან წინ დიდი ფესტივალი გველის“, – ამბობს გრევენშტეინში მდებარე ველტინის ლუდსახარშის წარმომადგენელი ულრიხ ბიენე.

კოვიდ-19-ის შეზღუდვებამდე, ყოველწლიურად წლების განმავლობაში, ოქტომბერფესტს ექვს მილიონამდე ვიზიტორი სტუმრობდა. ბევრი მათგანი ტრადიციულ ბავარიულ სამოსში იყო გამოწყობილი: ქალები დირნდლის კაბებში, კაცები ლედერჰოსენში ან მუხლამდე ტყავის შარვალში. ლუდსახარშებისთვის ოქტობერფესტი  სწრაფ მოგებას ნიშნავს. მაგრამ გაზის ფასის ზრდა, ისევე როგორც ინგრედიენტების გაძვირება, რომელიც უკრაინის ომის შედეგადაა გამოწვეული, წელს ლუდის მწარმოებლების შეშფოთებას იწვევს.

„დიახ, ჩვენ უკვე გვქონდა ხარჯების მნიშვნელოვანი მატება გასულ წელს და ისევ გვეზრდება უკრაინის კრიზისის დაწყების გამო. საუბარია გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯების ორ-სამჯერ გაზრდაზე. თუმცა ეს მხოლოდ ენერგიის ფასზე არ აისახება. ჩვენ მთელი მიწოდების ჯაჭვი გვიძვირდება. მინის ბოთლები, აპრილიდან 80%-ით გაძვირდა. ალაო, რომელიც ლუდის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტია ორჯერ გაძვირდა. ეს ის ფასებია, რომლებიც გერმანიის ლუდსახარშს აქამდე არასდროს უნახავს. ახლა, ეს ფესტივალი ჩვენი ლუდსახარშების გამოცოცხლების საშუალება იქნება. მერე ვნახოთ რა მოხდება“, – აცხადებს ულრიხ ბიენე.

წელს ოქტომბერფესტზე ლუდის ფასი გაძვირდება და ერთი ლიტრის ღირებულება საშუალოდ 12-13 ევრო იქნება. ეს ფასი 2019 წელთან შედარებით 15%-ით მაღალია.

Oktoberfest-ის ვიზიტორები კრიზისის გავლენას სხვა მიმართულებითაც იგრძნობენ. თუმცა, განწყობა მაინც ამაღლებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend